თბილისი, 4 მარტი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ზემო ჩუღურეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს, იუწყება თბილისის მერიის ოფიციალური ვებგვერდი.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომელიც ცაიშის ქუჩაზე მიმდინარეობს, რამდენიმე ათწლეულია არ მომხდარა. ამ დროისთვის 2000 კვადრატულ მეტრის ფართობის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო ბორდიური და მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. ასფალტის დაგების პროცესს დედაქალაქის მერი და რაიონის გამგებელი პირადად დაესწრნენ.
„ჩუღურეთის რაიონში ვიმყოფებოდით, ცაიშის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა, აქ ვაპირებთ სპორტული მოედნის განახლებას, სკვერის კეთილმოწყობას, ასევე პარალელური ქუჩის რეაბილიტაციას. მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არის ძალიან კმაყოფილი და ზოგადად, ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქალაქის მასშტაბით ხორციელდება და გაზაფხულიდან კიდევ უფრო მასშტაბური იქნება”, — განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძემ დაათვალიერა ტერიტორია, სადაც ადრე ნაგავსაყრელი იყო და სკვერის მოწყობა იგეგმება. 320 კვადრატული მეტრის ფართობზე სკვერი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. დამონტაჟდება საბავშო ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ბილიკები, განათება და ტერიტორია სრულად გამწვანდება.
„რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ჩვენ ეტაპობრივად ვუტარებთ რეაბილიტაციას ისეთ ქუჩებს, რომლებსაც 60-იანი წლების შემდეგ არავინ შეხებია, დასასვენებელ სივრცეებს ვაწყობთ იქ, რომლებიც მიტოვებული და ნაგავსაყრელად ქცეულია. ეს პროექტები იმის დადასტურებაა, რომ ჩვენი მუშაობა არ არის ფასადური და მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გათვლილი, რომელიც ქალაქის ცენტრშია და ისედაც ჩანს“, — განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
წელს ჩუღურეთის რაიონში ექვსი ახალი სკვერის მოწყობა, 100-მდე ქუჩისა და თბილისური ტიპის ეზოს მოწესრიგებაა დაგეგმილი.