თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის წევრებმა, პარლამენტარებმა და სხვა პოლიტიკოსებმა საქართველოს მანდილოსნებს დედის დღე მიულოცეს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედის დღე დიდ ლილოში მდებარე მუნიციპალურ თავშესაფარში მცხოვრებ ქალებს მიულოცა.
„თავშესაფარში მცხოვრებმა ადამიანებმა რამდენიმე პროექტის განხორციელება გვთხოვეს, ქალბატონებმა გვთხოვეს პატარა მაღაზიიის გაკეთება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, — განუცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს (Rustavi2).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „დედის დღე“ პედაგოგებს მიულოცა.
„სამინისტროს აქვს ახალი ინიციატივები, რომლის საფუძველზეც მოხდება მშობლების, დედების უფრო აქტიური ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში იმისთვის, რომ სკოლამ, მასწავლებლებმა, სკოლის ხელმძღვანელებმა და მშობლებმა კიდევ უფრო კარგად ითანამშრომლონ ერთმანეთთან,“ — განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi2) ეთერში.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ დედის დღე ქედასა და შუახევში მცხოვრებ მრავალშვილიან პედაგოგებს, მეხფულე ცეცხლაძესა და ცისანა აბუსერიძეს მიულოცა.
„დღეს ჩვენ ვსტუმრობთ მაღალმთიან აჭარას. დედის დღე მივულოცეთ ღვაწლმოსილ და მრავალშვილიან პედაგოგ დედებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდნენ პედაგოგიურ საქმიანობას და თავის ქვეყანას არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდეს”, – განუცხადა ზურაბ პატარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირევლ არხს.