თბილისი, 3 მარტი — Sputnik. შვიდი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
საქართველოს ორი, უზბეკეთის ერთი და ბანგლადეშის ოთხი მოქალაქე დააკავეს შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა N2 სამმართველოს (ახალციხე) N3 სასაზღვრო სექტორის (ჭარალი) დასაცავ მონაკვეთზე.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს („საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა“), რაც 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლო დროს გახშირდა ბანგლადეშის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობები. წელს უკვე მესამე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს კი სამი ასეთი შემთხვევა მოხდა.