კილო-ნახევარი ნარკოტიკი – შსს-ს წარმატებული „ნადავლი“

ნარკოტიკების ყველაზე დიდი ოდენობა ირანის მოქალაქეებს აღმოაჩნდათ.
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში დაახლოებით კილო-ნახევარი ნარკოტიკი ამოიღეს და 12 პირი დააკავეს, განაცხადა ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ. 

„პოლიციამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჯამში დაახლოებით კილო-ნახევარი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. კერძოდ: 1,3 კგ ჰეროინი, 150 აბი „ბუპრენორფინი“, 17 გრამი „მეტამფეტამინი“ და სხვ. ნარკოდანაშაულისთვის 12 პირია დაკავებული, მათ შორის ერთი – ნარკორეალიზატორი“, —  განაცხადა ჭელიძემ.

თბილისში ოთხი ყაჩაღური თავდასხმის საქმე გახსნილია

დაკავებულთა შორის საქართველოს — 6, ირანის — 5 და ავსტრიის — ერთი მოქალაქეა.

ნარკოტიკების ყველაზე დიდი ოდენობა ირანის მოქალაქეებს აღმოაჩნდათ.

„სამართალდამცველებმა თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში ირანის სამი მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — განაცხადა ჭელიძემ.

ირანის მოქალაქეების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის ორი მუხლით — „ნარკოტიკულ ნივთიერებათა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა“ და „საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შემოტანა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“.