უშედეგო მოლაპარაკება ერგნეთში — ქართულმა მხარემ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

კახაბერ ქემოკლიძის თქმით, სხდომა იყო ძალიან რთული და ქართულმა მხარემ ვერც ერთ მისთვის საინტერესო საკითხზე პასუხი ვერ მიიღო.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ცხინვალის დე–ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის თაობაზე, რომელიც ცხინვალის რეგიონში ოსი ძალოვნების მიერ დაკავების შემდეგ გარდაიცვალა.

ევროკავშირი: ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტი სერიოზული შეშფოთების საფუძველია

ქართულმა მხარემ მოლაპარაკებები, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარეობდა, პროტესტის ნიშნად დატოვა, იუწყება ტელეარხი „იმედი“. 

ცხინვალის დე–ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ცხედარს ქართულ მხარეს მხოლოდ მას შემდეგ გადასცემს, რაც რუსეთიდან მოწვეული სპეციალისტები ექსპერტიზას დაასრულებენ. თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი კახაბერ ქემოკლიძე აღნიშნავს, „სხდომა იყო ძალიან რთული. ჩვენი მხრიდან დღევანდელ შეხვედრაზე დაყენებული იყო ორი ძირითადი საკითხი, რა თქმა უნდა, ტატუნაშვილის საქმის განხილვის კონტექსტში“. 

გახარია: ხელისუფლება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისთვის ყველაფერს გააკეთებს

მისი თქმით, დისკუსია სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ ქართულმა მხარემ მისთვის საინტერესო საკითხებზე მკაფიო პასუხები ვერ მიიღო.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს ყველაფერი მოვისმინეთ, გადავწყვიტეთ, დროებით შეგვეწყვიტა სხდომა იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური ხელისუფლებისთვის ტატუნაშვილის საქმესა და 22 თებერვალს მომხდარ ინციდენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, — განმარტა ქემოკლიძემ. 

როგორც ის ამბობს, ქართული მხარე მზადაა მოლაპარაკებების აღსადგენად მას შემდეგ, რაც ტატუნაშვილის ცხედარი მის ოჯახს გადაეცემა.