შუშის ჩამოვარდნას მოსწავლე ემსხვერპლა – ბოლო ცნობები

ფასადის მინის ჩამოვარდნის გამო დაშავებული მოსწავლეები კვლავ საავადმყოფოებში რჩებიან.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნის საქმეზე, რომლის დროსაც ერთი მოსწავლე დაიღუპა, თბილისის 70-ე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეების მშობლები და კლასის ხელმძღვანელი გვიან ღამემდე გამომძიებლებთან დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

უბედური შემთხვევა ოთხშაბათს, შუადღეს მოხდა. ფონიჭალაში მდებარე 70-ე სკოლის მოსწავლეები ექსკურსიიდან დაბრუნდნენ და ბარათაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ასლან მამედოვსა და კიდევ ხუთ მოსწავლეს დაეცა შუშა, რომელიც შენობის ფასადურ ნაწილზე იყო დამაგრებული. დაშავებულები მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მამედოვის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და ოპერაციამდე გარდაიცვალა.

„ჩემი შვილიც იქ იყო, მაგრამ მან მოასწრო გამოსვლა. მათ ფეხით უნდა გაესეირნათ რუსთაველზე McDonald`s-მდე. ექსკურსიაზე იყვნენ", — განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა ირადა ნაბიევამ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ.

რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, ორი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრშია (ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა) მოთავსებული, ხოლო სამი — Amtel Hospital-ში.

საქართველოს პირველი პირები დაღუპული მოსწავლის ოჯახს უსამძიმრებენ

„მდგომარეობა სტაბილურია. უარყოფითი დინამიკის გარეშე. ჩატარდა პირველადი კვლევები. უგრძელდებათ მკურნალობა და, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის გაეწერებიან კლინიკიდან", — განაცხადა ინგოროყვას კლინიკის ექიმმა.

დაშავებული მოსწავლეები ღამით მოინახულეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, პარლამენტის დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების გამგებლებმა ლევან ჯაფარიძემ და დავით კირკიტაძემ.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ბავშვების მდგომარეობა უკეთესია, დამაკმაყოფილებელია. ხვალ გაწერენ, ალბათ", — განაცხადა კალაძემ.

სამძიმარი დაღუპული ბავშვის გამო გამოთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ", რომელიც ზემოაღნიშნულ შენობაში მდებარეობს. სოციალური ქსელ Facebook-ში ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ბოლოს შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები 2008 წელს ჩატარდა.

გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით", რაც ითვალისწინებს ხუთ წლამდე თავისუფლების შეზღუდვას, ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.