სასამართლომ დათა ახალაიას განაჩენი ძალაში დატოვა

შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დაუსწრებლად გაასამართლეს მკვლელობის, მტკიცებულებების გაყალბებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრის ბაჩო ახალაის ძმის დათა ახალაიას განაჩენი, რომლის მიხედვით მას „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეეფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დათა ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ორი ან მეტი პირის ჯგუფურად მკვლელობის, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მუხლებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში.

დავით კეზერაშვილი სასამართლომ კიდევ ერთ საქმეზე გაამართლა

სპეცოპერაცია თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2006 წლის იანვარში ჩატარდა. მაშინ ხელისუფლებამ განმარტა, რომ ეს სპეცოპერაცია რუსთავის ციხეში აჯანყების თავიდან აცილების მიზნით ჩატარდა. სპეცოპერაციისას მოკლეს ეჭვმიტანილები — შოთა გორგაძე, მარად არმელაძე და რომან სურმანიძე. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.

ახალაიას გარდა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქმის მეორე ფიგურანტის — სამხედრო პოლიციის უშიშროების სამმართველოს ყოფილი უფროსის გიორგი დგებუაძის განაჩენი — 9 წლით პატიმრობა.

დათა ახალაიამ საქართველო 2012 წლის ოქტომბერში დატოვა. იმავე წლის დეკემბერში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს მიმართა და მასზე ძებნა გამოაცხადა. 2014 წლის მარტში ახალაია საბერძნეთის ქალაქ პატრაში დააკავეს, საიდანაც ის ოთარ ურუშაძის პასპორტით იტალიაში გადასვლას ცდილობდა. საბერძნეთის სასამართლომ მისთვის პატიმრობის შეფარდება არ ჩათვალა მიზანშეწონილად, ხოლო 2016 წლის მარტში ინტერპოლმა ახალაიას ძებნა საერთოდ შეწყვიტა, რადგან მის დევნაში პოლიტიკური ნიშნები დაინახა.

გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

რაც შეეხება დგებუაძეს, მანაც, ახალაიას მსგავსად, საქართველო 2012 წელს დატოვა. ინტერპოლით ძებნილი გიორგი დგებუაძე 2014 წელს ჰოლანდიაში დააკავეს. ამ ხნის განმავლობაში მისი ექსტრადირების შესახებ საქართველოს მთავრობა ჰოლანდიის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 2016 წლის მარტში ქართულმა მხარემ მის ექსტრადიციას მიაღწია.

2014 წელს "ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ შსს-ს ორ ყოფილ თანამშრომელს — გიორგი მაზმიშვილსა და ლევან ქარდავას თითოეულს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების ვერსიით, „ნავთლუღის სპეცოპერაცია" პატიმართა დასაშინებლად დაიგეგმა. მომავალი აჯანყების საბაბით მოწყობილი სპეცოპერაციის შემდეგ რუსთავის ციხეში პატიმართა წამება დაიწყო. პროკურატურის მონაცემებით, წამებაში მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, დათა ახალაიას ძმა ბაჩო ახალაია, ასევე შსს-ს ყოფილი თანამშრომელი მეგის ქარდავა. ამ საქმესთან დაკავშირებით თითოეულ მათგანს 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.