რისთვის დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი თემურ გორგაძე

თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს შეწყალების კომისიის საშუალებით ნათესავის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით 7 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყოფილ ჩინოვნიკს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

უწყების ინფორმაციით, თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს შეწყალების კომისიის საშუალებით ნათესავის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით 7 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა.

"2018 წლის 28 თებერვალს თემურ გორგაძემ ხსენებულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი – 3500 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს", — ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.