შემოქმედებითი სენით „შეპყრობილი“ მხატვარი და ეგვიპტურ თემაზე შესრულებული ნახატები

მხატვარ ნინა კობაიძის შემოქმედება მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესოა. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლიდან იწყება. ამჟამად სამხატვრო აკადემიაში მუშაობს, ფიგურას და პორტრეტს ასწავლის.
Sputnik

როგორც ნინამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მისი ცხოვრება ბავშვობიდანვე დაუკავშირდა ხელოვნებას. ამბობს, რომ შემოქმედებითი სენი, რომელიც დიდი ხანია შეეყარა, უკურნებელია.

ნინა კობაიძის შემოქმედება

— ერთხელ გია ბუღაძემ თქვა, თუ ერთხელ მაინც მოიწამლები შემოქმედებითი სენით, მერე ვეღარ განიკურნებიო. ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო. როცა ადამიანი იბადება როგორც შემოქმედი, მას შემდეგ სხვა არჩევანი აღარ აქვს. ის შემოქმედებითი სენი, რაც გაქვს, მაინც გამოვლინდება და ვერაფერს მოუხერხებ. ბავშვობიდან ვხატავ. ვსწავლობდი თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. ამის შემდეგ ჩავაბარე აკადემიაში ხატვის ფაკულტეტზე, კერძოდ, გრაფიკაზე. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ხატვის მაგისტრატურაზე. დიდი ხანი არ არის, რაც ხატვის მაგისტრატურა არსებობს. ეს იგივე ფერწერაა, უბრალოდ ფიგურაზეა აქცენტი გაკეთებული. სწორედ მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ჩამოვყალიბდი, რეალურად რა მინდოდა. უკვე წლებია ვმუშაობ ეგვიპტურ თემაზე. სამი წლის წინ თუმანიშვილის თეატრში მქონდა პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „ჩემი რეალიზმი“. წარმოდგენილი მქონდა 30 ტილო, გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები. ვემზადები ახალი გამოფენისთვის. დაახლოებით 25 ჯგუფურ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. როცა ხალხმა გამიცნო და სრულიად უცხო ადამიანები მწერდნენ, დიდი სტიმული მომეცა. ამის შემდეგ მქონდა ძალიან ბევრი შეკვეთა, რაც ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო. უკვე ორი წელია სამხატვრო აკადემიაში ვმუშაობ, პედაგოგი ვარ, ფიგურას და პორტრეტს ვასწავლი.

ნინა კობაიძის შემოქმედება

– სასურველ შედეგს რომ მიაღწიო, დიდი ძალისხმევა და შრომაა საჭირო. თქვენი შემოქმედებითი საქმიანობის გზაზე რა სირთულეებს წააწყდით?

— გულწრფელად გეუბნებით, არ ვთვლი, რომ რამეს მივაღწიე. თუმცა, აქამდე მოსვლაც არ იყო ადვილი. თუ გინდა ის საქმე აკეთო, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს, ამისთვის უნდა გადადო ყველაფერი.

– ანუ, თვლით, რომ მხატვრობა მსხვერპლს მოითხოვს?

— მხოლოდ მხატვრობა არა, ყველაფერი მოითხოვს მსხვერპლს, რაც პირველ ადგილზეა. რაღაცებისთვის ბრძოლა დამჭირდა. ვიღაცისთვის თუ ზოგი რამ მარტივია, იგივე აკადემიაში ჩაბარება და სწავლა, მე ვცდილობდი, რომ უფასოზე მესწავლა, რაც არც ისე მარტივი იყო, რადგან დიდი იყო კონკურენცია. მაგისტრატურაშიც უფასოზე ჩავაბარე, კულტურის სამინისტრომ დამაფინანსა, რადგან პირველ ადგილზე გავედი ქულათა რაოდენობით. აქამდე რომ მიხვიდე, ძალიან დიდი შრომა და ნებისყოფა გჭირდება. დღეს ჩემ სტუდენტებსაც ამას ვეუბნები – უნდა დაისახო ამოცანა და დიდი შრომით, ნებისყოფით მიაღწიო სასურველ შედეგს.

ნინა კობაიძის შემოქმედება

– ზოგადად, რთულია, დედამ შვილებიდან რომელიმე გამოარჩიოს, თუმცა მაინც გკითხავთ – გამორჩეული ნახატი თუ გაქვთ?

— ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. ხშირად მეცვლება დამოკიდებულება. წინა წელს რომ სხვანაირად ვმუშაობდი, ახლა სულ სხვა ამოცანა მაქვს. ბოლო პერიოდში რაც დავხატე, იმ ნამუშევრებს გამოვარჩევდი. ახლა უფრო სიღრმისეულად ვუყურებ დეტალების ხატვას, მეტად სერიოზულად ვეკიდები ყველაფერს. ამის გამო განსხვავება იგრძნობა ძველ და ახლანდელ ნამუშევრებს შორის. თუმცა, რომ მითხრან დიდ თანხას მოგცემთო და მაინც არ გავყიდი–მეთქი, ასეთი ნამუშევარი არ მაქვს. რა თქმა უნდა, გული დამწყდება, მაგრამ მაინც გავყიდი.

ნინა კობაიძის შემოქმედება

– ხატწერაზეც მუშაობთ?

— კი, თუმცა ეს უფრო ჰობია. გარკვეული პერიოდი დავუთმე ხატწერას, ეს სიმშვიდეს მანიჭებს. ბევრი მეუბნება, რომ კარგად გამომდის, თუმცა მე ვთვლი, რომ აქ უკვე ამოვწურე ჩემი თავი.

– ავტოპორტრეტი თუ დაგიხატავთ?

— კი, რამდენიმე ავტოპორტრეტი მაქვს დახატული.

– რთული არ არის საკუთარი თავის დახატვა?

— არა, უფრო კარგად იცი შენი ნაკვთები, კარგად გრძნობ საკუთარ თავს.

ნინა კობაიძის შემოქმედება

– საოცარი ფერებია თქვენ ტილოებზე გადატანილი, ყველას შეუძლია ამ ფერების აღქმა?

— ძალიან ბევრ ფერმწერს მოსწონს ჩემი გრაფიკა. ალბათ გრაფიკულ ნამუშევრებში უფრო თავისუფალი ვარ. შესაძლოა ფერადოვანია ჩემი ნამუშევრები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სიჭრელით გამოირჩევა. არ ვფიქრობ ფერებზე. ეს უფრო შერეული ტექნიკაა და ვცდილობ რაღაცების გამოყვანას. შესაძლოა თვალით ვაჩვენო ადამიანს, მაგრამ ამის მოყოლა ცოტა რთულია. ფერებს ისე ვადგენ, ბოლოს როგორი ნამუშევარი გამოვა, მეც არ ვიცი. რაც შეეხება ხედვას, ეს ინდივიდუალურია. ყველა ადამიანს თავისებური ხედვა აქვს.

ნინა კობაიძის შემოქმედება

– როგორ დაინტერესდით ეგვიპტის თემით?

— რაღაცებს ვკითხულობდი, ვუსმენდი მუსიკას და ძალიან მომწონდა. თავიდან გართობითი ხასიათი ჰქონდა, შემდეგ სერიოზულად დავინტერესდი. წლების წინ ლინოლეუმზე გამოვჭერი ნამუშევარი, რომელიც შემდეგ გადადის ფურცელზე და ხდება ანაბეჭდი. ამას ლინოგრავიურა ჰქვია. გამიჩნდა იდეა, ეს ამოჭრილი ლინოლეუმი, რაზეც ვიმუშავე, გამეტარებინა ხის დაფაზე, რადგან ტილოს ვერ გაუძლებდა. დავაკარი დაფაზე და ზედ გავაკეთე ფერწერა. რაღაც სხვანაირი ნახატი გამომივიდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩემი აღმოჩენილი ტექნიკა — ლინოლეუმზე ამოჭრილი და შემდეგ დაფაზე დაკრული და ზემოდან ფერწერული ტიხრებით მუშაობა ჩემი მოგონილი ტექნოლოგიაა. ძალიან უცხოა… რამდენიმე ნამუშევარი უკვე აღარ მაქვს, კერძო კოლექციაში ინახება. ამ ეტაპზე 12 ნამუშევარი მაქვს და მინდა პერსონალური გამოფენის გაკეთება.