მართლმსაჯულების სისტემაში ცვლილებებია მოსალოდნელი

პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა საქართველოს კოორდინატორები დანაშაულის მოწმეებისა და დაზარალებულების დასახმარებლად.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საგამოძიებო და სასამართლო პროცესის დროს მოწმეებსა და დაზარალებულებს სპეციალური კოორდინატორები დაეხმარებიან, ასეთია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შეთავაზებული შესწორებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

შესწორებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში უკვე წარედგინა საქართველოს პარლამენტს.

კოორდინატორი დაზარალებულებსა და მოწმეებს უნდა დაეხმაროს სტრესთან გამკლავებაში, უზრუნველყოს დაზარალებული მხარე ინფორმაციით გამოძიების მსვლელობის შესახებ, განუმარტოს უფლებები და არ დაუშვას, რომ დანაშაულის მსხვერპლი კვლავ დაშავდეს.

World Justice Project: საქართველო კანონის უზენაესობის რეიტინგში 38-ე ადგილზეა

შესწორებების თანახმად, კოორდინატორი სისხლის სამართლის საქმეში პროკურორის გადაწყვეტილებით ჩაერთვება დაშავებულის ან მოწმის ინტერესების გათვალისწინებით.

კოორდინატორი ასევე უნდა დაესწროს საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს მოწმის ან დაზარალებულის მონაწილეობით და აღმოუჩინოს მათ ფსიქოლოგიური დახმარება. ეს ასევე შეეხება დაკითხვებს სასამართლოში და მტკიცებულებების შესწავლას.

კოორდინატორმა მოწმეს ან დაშავებულს უნდა მიაწოდოს ინფორაცია იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო დახმარების შესაძლებლობის შესახებ და დაეხმაროს მას ამ დახმარების მიღებაში.

კოორდინატორს უფლება ექნება დაუსვას კითხვები დაზარალებულს ან მოწმეს, ან სხვაგვარად ჩაერთოს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების მიღების პროცესში.

შესწორებები მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მას პარლამენტი სამი მოსმენით მიიღებს, ხელს მოაწერს პრეზიდენტი და გამოქვეყნდება "საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე.