თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელოსა და ქვემო ქართლში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორი ფაქტი გამოავლინეს: ქვემო ქართლის რეგიონში ამოღებულია უაქციზო სიგარეტი „მასტერის" 18,5 ათასი კოლოფი.
ხოლო სამეგრელოს რეგიონში ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების 3 250 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
სიგარეტების საერთო ღირებულება 42 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლის („მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა") მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.