ხანძარი თბილისის ბაზრობაზე: კალაძე შენობის აღდგენის პირობას დებს

ბაზრობის ადმინისტრაცია მზად არის ყველა მოიჯარეს ინდივიდუალურად შეხვდეს.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბაზრობის დამწვარი შენობის აღდგენითი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე სამუშაოებს დაასრულებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ხანძარი სამსართულიანი შენობის ერთდროულად მეორე და მესამე სართულზე დაახლოებით 0:15 საათზე გაჩნდა. დაიწვა დაახლოებით 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. ცეცხლს 26 სახანძრო ბრიგადა ებრძოდა. შენობაში პროდუქტებისა და ტანსაცმლის მაღაზიები იყო განთავსებული.

დიდმა ხანძარმა თბილისში ბაზრობა გაანადგურა

„როგორც კი დასრულდება მუშაობა, დაიწყება დამწვარი ფართების აღდგენითი სამუშაოები. მანამდე ადამიანებს, ვისი საქონელიც გადარჩა, მიეცემათ შესაძლებობა გვერდით ფართებში გადანაწილდნენ, რათა გააგრძელონ საქმიანობა“, — განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ. 

მერის თქმით, ბაზრობის ადმინისტრაცია მზად არის ყველა მოიჯარეს ინდივიდუალურად შეხვდეს.

„როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, აქ მომუშავე ადამიანებს მიეცემათ შეღავათიანი ვადები, იგულისხმება იჯარის თანხა. ადმინისტრაცია მზად არის ინდივიდუალურად შეხვდეს თითოეულ ადამიანს, გაიარონ ხელშეკრულებები, მოხდეს აღწერა, თუ რა საქონელზეა საუბარი და ამის შემდეგ იქნება ინდივიდუალური გადაწყვეტილებები“, — აღნიშნა კალაძემ.

ხანძარი თბილისის კიდევ ერთ ბაზრობაზე: დაიწვა 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი

მისი თქმით, ბაზრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ელექტროსისტემა რამდენიმე თვის წინ გამოცვალეს.

„შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ობიექტი იყო, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით გამართული იყო. ახლა, ალბათ, გამოძიება დაადგენს, თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი“, — განაცხადა კახა კალაძემ.

ბაზრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 240 მოვაჭრე დაზარალდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით), რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დამწვარი ბაზრის ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, რაც გამოძიებას ხანძრის გაჩენის მიზეზების დადგენაში შეიძლება დაეხმაროს, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა.

მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და დროული გამოძიების ჩატარების აუცილებლობის შესახებ განაცხადა, „სხვა შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც განზრახ უკიდებს ცეცხლს სავაჭრო ობიექტებს“.

„როცა წინა წლების განმავლობაში მსგავსი ხანძრების გაჩენის მიზეზებზე გამოძიებას არ გაუცია იმ კითხვებზე პასუხი, თუ რამ გამოიწვია ხანძრები, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს განზრახ მიმართული ქმედება. ვფიქრობ, მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს კითხვები მომხდართან დაკავშირებით", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

2017 წლის იანვარში ვაგზლის მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა. მაშინ ხანძარმა 13 ათასი კვადრატული მეტრი მოიცვა. სახანძრო ბრიგადები 9 საათის განმავლობაში ებრძოდნენ ცეცხლს ოთხსართულიან შენობაში, რომელშიც ასევე „ოქროს სამყარო“ მდებარეობდა, სადაც ძვირფასეულობა იყიდებოდა.