თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. ყველა სახის ტვირთის ტრანზიტი რკინიგზით უზბეკეთიდან საქართველოს გავლით 50%–ით გაიაფდება, იუწყება „Sputnik–უზბეკეთი“ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის სამინისტროს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
შეთანხმებას შეღავათების შესახებ უზბეკეთის სამთავრობო სამუშაო ჯგუფის თბილისში ვიზიტის დროს მიაღწიეს.
სს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების ეფექტურ გამოყენებასა და რკინიგზით გადასატანი სატრანზიტო ტვირთის მოცულობის გაზრდაზე.
გარდა ამისა, უზბეკეთის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს სხვა სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურებში. მაგალითად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის თბილისში ჩატარების საკითხი.
ასევე, ამ სხდომის შედეგებით, მხარეები აპირებენ კონკრეტული შეთანხმებების დადებას სატრანსპორტო–ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე თბილისში ერთობლივი სავაჭრო სახლის გახსნას და სხვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის მერიაში უზბეკეთის დელეგაციამ გამართა ქვეყანაში წარმოებული ყველა სახის საავტომობილო და სოფლის მეურნეობის ტექნიკის პრეზენტაცია.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზოევი 2017 წლის სექტემბერში ნიუ–იორკში შეხვდნენ ერთმანეთს და ქვეყნების ურთიერთობების განვითარებაზე შეთანხმდნენ.