სამარშრუტო ტაქსების მძღოლები არასათანადო ადგილას გაჩერებისთვის დაჯარიმდებიან

გამოქვეყნდა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლებიც თბილისში გაჩერების წესების დამრღვევთათვის ჯარიმებს ითვალისწინებს
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში შევიდა ცვლილებები, რომლებიც თბილისში მიკროავტობუსების მძღოლებისთვის არასათანადო ადგილას გაჩერებისთვის ჯარიმებს ითვალისწინებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ინიციატორებია დეპუტატები მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკარტიული საქართველო“ კახა კუჭავა და ნინო წილოსანი.

ქუჩების სია, სადაც სამარშრუტი ტაქსები გაჩერებას მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ გაჩერებებზე შეძლებენ, 1 მარტიდან 14-მდე გაიზრდება. ამჟამად შეზღუდვა მოქმედებს ჭავჭავაძის გამზირზე, მელიქიშვილის და კოსტავას ქუჩებზე და რუსთაველის გამზირზე.

თბილისში ტაქსისტები უნებართვოდ მუშაობისთვის დაჯარიმდებიან

დარღვევის შემთხვევაში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები 100 ლარით დაჯარიმდებიან.

სხვა სახის ტრანსპორტისთვის გაჩერებებზე გაჩერება ან დგომა აკრძალულია. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება.

თუ მძღოლი 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის ჯარიმას, მას დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

აკრძალვა შემდეგ მიმართულებებზე ამოქმედდება: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.

დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1800 მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.