ვარსკვლავები ლივ ტაილერი და სტელა მაკარტნი საქართველოს დაუახლოვდნენ

მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების ასევე ცნობილი შვილები, შესაძლოა, წელს საქართველოს ეწვიონ.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. გიორგი აგლაძე — რეჟისორი და საქართველოში დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი, რომლის ბაზაზე უახლოეს პერიოდში თბილისში კინემატოგრაფისტების საერთაშორისო დონის სასწავლებელი გაიხსნება, მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად აგლაძე ცნობილ ადამიანებს ლონდონში შეხვდა. ვარსკვლავებს შორის იყვნენ მომღერალ სტივენ ტაილერის ქალიშვილი, ცნობილი კინომსახიობი ლივ ტაილერი და პოლ მაკარტნის ქალიშვილი სტელა მაკარტნი.

შეხვედრაზე საუბარი იყო 2018 წელს ლივ ტაილერისა და სტელა მაკარტნის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზე. სხვა დეტალებზე გიგა აგლაძე ამ ეტაპზე არ საუბრობს.

დევიდ ლინჩი: ქართული კინოს, ღვინის, შთაგონებისა და მედიტაციის შესახებ

კავკასიაში „დევიდ ლინჩის ფონდი" 2017 წლის 25 ივლისს დაარსდა და იგი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს მოიცავს.

ფონდი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. გარდა უნივერსიტეტის დაარსებისა და კინოვარსკვლავებთან შეხვედრების ორგანიზებისა, ფონდის მიზანია ტრანსცენდენტური მედიტაციის პროგრამის მეშვეობით ტრავმისა და ტოქსიკური სტრესის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობის, შემეცნებითი უნარების და შრომისუნარიანობის გაუმჯობესება, ასევე საზოგადოებაში მათი ინტეგრირება.

დევიდ ლინჩის ფონდი, როგორც არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, 2005 წელს დააფუძნეს. იგი მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს მედიტაციის სწავლის საშუალებას აძლევს. ლინჩი მიიჩნევს, რომ მედიტაცია ცნობიერების გაფართოებაში ეხმარება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მის შემოღებას ემხრობა, რადგან თვლის, რომ ეს შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას და აგრესიის შემცირებას დაეხმარება.

დევიდ ლინჩი — რეჟისორი, მწერალი და პროდიუსერია, ასევე „იდეალური განათლების განვითარებისთვის და მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისათვის დევიდ ლინჩის ფონდის" დამაარსებელი და სამეურვეო საბჭოს თამჯდომარე. ლინჩის ფონდში ცნობილი არტისტები არიან გაერთიანებული.

დევიდ ლინჩი საქართველოს პირველად 2017 წლის ნოემბერში ეწვია.