მიხეილ ჯანელიძე ჟენევას სამუშაო ვიზიტით ეწვევა

მინისტრი ჟენევაში ისაუბრებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჟენევას სამუშაო ვიზიტით 25 თებერვალს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი დონის სეგმენტში, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

Amnesty International-მა საქართველოში სისხლის სამართლის საქმეები შეაფასა

ჯანელიძე სიტყვით გამოვა სესიაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ზეიდ რაად ალ ჰუსეინთან, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ფილიპო გრანდისთან და გაერო-ს გენერალურ დირექტორთან მიხაილ მოლერთან. ასევე საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე პარალელურ ღონისძიებაში.

სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას. 

ჯანელიძის სამუშაო ვიზიტი ჟენევაში 27 თებერვალს დასრულდება.