მახუნცეთში ტურისტული ინფრასტრუქურა მოეწყობა

თამარ მეფის ხიდთან იგეგმება განათებების, პანდუსის, მოაჯირებისა და რკინა-ბეტონის ბილიკების მოწყობა, ასევე, მოეწყობა საპარკინგე ტერიტორია.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-განახლება იგეგმება, იუწყება ტელეკომპანია „აჭარის ტელევიზია“.

პროექტის ფარგლებში, სოფელ მახუნცეთში თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განათებების, პანდუსის, მოაჯირებისა და რკინა-ბეტონის ბილიკები მოეწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 65 ათასი ლარი დაიხარჯება.

თბილისში ახალი ტურისტული ზონა გაჩნდება

„ყოველწლიურად იზრდება ტურისტების ნაკადი და მუნიციპალიტეტის მერია ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს მახუნცეთი. შესაბამისად, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ტენდერი“, — განაცხადა ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, როლანდ ბერიძემ.

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ასევე მოეწყობა საპარკინგე ტერიტორია, პარკინგის ტარიფს კი ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო დაადგენს.

ასევე, ქედის მერია მახუნცეთის ტერიტორიაზე ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობის მოწყობასაც გეგმავს, სადაც პოლიციის, სამაშველოსა და მერიის წარმომადგენლის ოფისები განთავსდება.

სოფელი მახუნცეთი მდინარე აჭარისწყლის ნაპირებზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 220 მეტრის სიმაღლეზე, დაბა ქედიდან კი დაშორებულია 12 კილომეტრით.  სოფლის მახლობლად შემონახულია შუა საუკუნეების ქვის ხიდი, რომლის აგებაც თამარ მეფეს სახელთანაა დაკავშირებული. ხიდს აქვს ძლიერ დამრეცი კამარა. ამ ხიდით მოსახლეობა დღესაც სარგებლობს. მდინარე აჭარისწყალზე აგებულია ჰესი.