კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“თანამშრომლები გაფიცვას აპირებენ

ბოიკოტს ამ ეტაპზე 200-მდე მუშა აცხადებს.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ თანამშრომლები ახალ სამუშაო კონტრაქტებს აპროტესტებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

კომპანიის წყალმომარაგების რეაბილიტაციის სამსახურის თანამშრომლებმა დღეს, ფეიქრების ქუჩაზე მდებარე Georgian Water and Power (GWP)-ის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია გამართეს. ისინი ახალ სამუშაო კონტრაქტებს, კერძოდ, სამუშაო დროის ზრდასა და ხელფასის იმავე ოდენობით დატოვებას აპროტესტებენ. ბოიკოტს ამ ეტაპზე 200-მდე მუშა აცხადებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით,  აქამდე თვის განმავლობაში 15 დღეს მუშაობდნენ,  ხოლო ახალი კონტრაქტის თანახმად, სამუშო დღეების რაოდენობა 25-26 დღემდე გაიზარდა, ხელფასი კი იგივე დარჩა.

„ახალი ხელშეკრულებით მთელი თვე უნდა ვიმუშაოთ, და ხელფასი იგივე გვრჩება. მოვითხოვთ, დაგვიტოვონ ძველი ხელშეკრულება, როგორც არის“,- აცხადებს აქციის მონაწილე.

პარალიზებული სამუშაო ხარაგაულში: რა მოთხოვნები აქვთ გაფიცულ მუშებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი სამუშაო გრაფიკის შეთანხმება დაქირავებულ კონტრაქტორებთან და ამ პროცესში შეჯერდება საბოლოო პოზიციები, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. 

„ანაზღაურების ფორმატი რჩება იგივე, რაც იყო გასულ პროექტებზე. ანაზღაურების საკითხი არ განიხილება. მოცემულ მომენტში განიხილება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოს შესრულების გრაფიკის ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ქალაქში წარმოებული პროექტების გრაფიკთან ", — განაცხადა  კომპანიის  ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუსუდან სანიკიძემ.

სანიკიძის განცხადებით, კომპანიის კონტრაქტორებისთვის სამუშაო დრო არ გაზრდილა, მხოლოდ სამუშაო გრაფიკის გადალაგება მოხდა.

კომპანიის ხელმძღვანელები აქციის მონაწილეებს უკვე შეხვდნენ. თუმცა ისინი შეხვედრით უკმაყოფილოები არიან. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დღეიდან, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მუშაობას აღარ აპირებენ და გაიფიცებიან.