თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 7 წელი მიუსაჯა მამაკაცს, რომელსაც ბრალი ედება ყაჩაღურ თავდასხმაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაში, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია დანაშაულზე, რომელიც ბრალდებულმა 2017 წლის ივნისში ჩაიდინა. გამოძიების მონაცემებით, ქალაქ სენაკში ავტომატით და ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მაღაზიის მფლობელს ფული მოსთხოვა.
თუმცა, მაღაზიის მფლობელი მას არ შეუშინდა, მან ყაჩაღს წინააღმდეგობა გაუწია და განაიარაღა ის. ამის შემდეგ ბოროტმოქმედი გაიქცა, მაგრამ მას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეწია.
ბრალდებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარება) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.