დაბრუნდნენ თუ არა სამშობლოში ISIS-ის მხარეზე სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების შესახებ Washington post-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები უარყო
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოში შეიძლება იმყოფებოდნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი ადამიანები, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ასეთი კომენტარი გააკეთა სესიაშვილმა სტატიაზე, რომელიც Washington post-ში გამოქვეყნდა. სტატიაში მოყვანილი მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ერაყსა და სირიაში საომრად 200-ზე მეტი ადამიანი გაემგზავრა. მათგან 50 სამშობლოში დაბრუნდა, კიდევ 50 ადამიანი დღემდე ცხელ წერტილებში რჩება.

Washington Post: ISIS-ის რიგებში მებრძოლი 50 ადამიანი საქართველოში დაბრუნდა

„ჩვენი ციფრები Washington post-ის სტატიაში მოყვანილ მონაცემებს დიდი სხვაობით არ ემთხვევა. გარდა ამისა, ჩვენ პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო მონაცემებს ვეყრდნობით და ყურადღებას მაქსიმალურად ვაქცევთ იმას, რომ დადგინდეს, „ისლამურ სახელმწიფოში” კონკრეტულად ვინ იმყოფებოდა და ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირი ვის ჰქონდა“, — განაცხადა სესიაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ქართული კანონმდებლობა გამკაცრდა და „ისლამურ სახელმწიფოში” გამგზავრება, მონაწილეობა და მცდელობაც კი, დასჯად დანაშაულს წარმოადგენს.

„მონაცემები მეტი სიზუსტით გვაქვს, რამდენი ადამიანია „ისლამურ სახელმწიფოში” და ვიცით, კონკრეტულად ვინ არის. ჩვენი მონაცემებით, საქართველოში არცერთი ადამიანი არ იმყოფება”, – განაცხადა სესიაშვილმა.

დეპუტატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები საქართველოში დაბრუნდებიან, მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„მათი იდენტიფიცირება საზღვარზე მოხდება, თუ მწვანე ზოლით არ ისარგებლებენ. ვმუშაობთ, რომ ასეთი გადმოკვეთაც აღიკვეთოს, მაგრამ თუ გადმოკვეთენ, მაშინვე მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისგება მოუწევთ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, სირიასა და ერაყში სულ 26 საქართველოს მკვიდრი დაიღუპა. მათგან ყველაზე ცნობილი თარხან ბათირაშვილი იყო, იგივე აბუ–უმარ აშ–შიშანი, რომელიც სირიის ჩრდილოეთით „ისლამური სახელმწიფოს" ძალებს სარდლობდა.

თურქეთში isis-თან კავშირში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე - ცოლ-ქმარი დააკავეს

გარდა ამისა, სუს-ის თანამშრომლებმა 2017 წლის ბოლოს თბილისსა და პანკისის ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს — ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. უკანასკნელი სპეცოპერაციისას მძიმედ დაჭრეს, რომლის შედეგად ის საავადმყოფოში ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

ყველა დაკავებულს ცნობილ ჩეჩენ ტერორისტ ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან თანამშრომლობა ედება ბრალად.

თბილისში ჩატარებულკი სპეცოპერაციისას ერთი ადამიანი დააკავეს, ორი ლიკვიდირებულია. მოკლულები აღმოჩნდნენ რუსეთის მოქალაქეები იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი.

რაც შეეხება დაკავებულს, ეს არის რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევი, რომელიც ინტერპოლის მიერ ტერორიზმის ბრალდებით იძებნება.