თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ვერსიით, თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, თავს დაესხმა მოლარე-ოპერატორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე „ყაჩაღობის“ მუხლით არის აღძრული, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ უწყება ინტენსიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს და დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.