ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხინვალში: საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამძიმარი გამოუცხადა ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, რომელიც, დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, გაქცევის მცდელობისას დაშავდა, შემდეგ კი გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებები, რამაც არჩილ ტატუნავილის გარდაცვალება გამოიწვია და დანარჩენი დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. ტატუნაშვილი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

ტატუნაშვილი საქართველოს ორ მოქალაქესთან — ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს უკანონოდ დააკავეს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, მოხდეს შესაბამისი დროული რეაგირება, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ცხინვალში ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმე: სუს-ი განმარტებებს მოითხოვს

იქვე აღნიშნულია, რომ დე-ფაქტო ხელისუფლების მსგავსი ქმედებები ცხადყოფს ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, საპასუხოდ კი თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.