თბილისის ცენტრში ახალი ველობილიკი გაჩნდება

სავარაუდოდ, ახალი ველობილიკის სიგრძე 5 კილომეტრს შეადგენს
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ველობილიკი პეკინის ქუჩას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს დააკავშირებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბილიკი თსუ-ის მაღლივ კორპუსთან დაიწყება, შემდეგ გაივლის სანდრო ეულის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას გამზირს, მარიჯანისა და ქავთარაძის ქუჩებს, შემდეგ ყაზბეგის გამზირს და პეკინის ქუჩაზე დასრულდება.

პეკინის ქუჩის ახალი სიცოცხლე. თანამედროვე თბილისი

თბილისის მერიამ ველობილიკის მოსაწყობად უკვე ტენდერი გამოაცხადა.

სავარაუდოდ, ველობილიკის სიგრძე 5,1 კმ, ხოლო სიგანე ორივე მიმართულებით თითო 3 მეტრს შეადგენს, აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერის პირობების თანახმად, განაცხადების მიღება 2 მარტს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 31,8 ათას ლარს შეადგენს.

პეკინის ქუჩაზე ველობილიკი მოაწყვეს მასშტაბური სარემონტო სამუშაოების დროს, რომლებიც 2017 წლის შემოდგომით დასრულდა. შემდეგ, ველობილიკი შესაძლოა, მტკვრის სანაპიროზე არსებული ველომარშრუტის მეშვეობით დედა ენის ბაღსაც დაუკავშირდეს.