თურქეთში ქართული პროდუქციის შეტანა გამარტივდა

ორი ქვეყნის მინისტრების შეთანხმების შედეგად ქართული პროდუქციის ექსპორტი თურქეთში შეიძლება 20 პროცენტით გაიზარდოს.
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. თურქეთში ქართული ლიმონის, კივის, ყურძნის, ჩირის, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვების, წვენების იმპორტზე კვოტები გაუქმდა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თურქეთთან 2007 წელს დადებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ამოქმედების დღიდან გულისხმობს გადასახადის გაუქმებას საქართველოდან იმპორტირებულ საქონელზე, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები სწორედ ამ გამონაკლისის ნუსხაში იყო შეტანილი.

„ჩემ კოლეგასთან მოლაპარაკებების შედეგად ქართულ ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა, 20 პროცენტით გაზარდოს ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში", — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ანკარაში თურქეთის ეკონომიკის მინისტრ ნიჰათ ზეიბექჩისთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

ექსპორტი 26 პროცენტით გაიზარდა – რას ყიდის საქართველო

უწყების ვებ-გვერდზე ასევე ნათქვამია, რომ კვოტები იზრდება ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა თაფლი, რომელზეც თურქეთში დიდი მოთხოვნაა, და ცოცხალ წვრილფეხა რქოსან პირუტყვზე.

„შეხვედრა მაქსიმალურად პოზიტიური და ნაყოფიერი იყო. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობის სფეროში არ არსებობდეს დაბრკოლება, ვაჭრობის მოცულობა გაიზარდოს და ურთიერთობები გაღრმავდეს", — განაცხადა ნიჰათ ზეიბექჩიმ.

ორი ქვეყნის მინისტრებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის დიაგონალური კუმულაციის მეთოდის დროებით ამოქმედება საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის, რაც საქართველოს ექსპორტის მოცულობის გაზრდის საშუალებას მისცემს.

თურქეთი საქართველოს ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის საქონელბრუნვამ 2017 წელს დაახლოებით 1,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.