გოგონა, რომელიც ლაპარაკის დაწყებამდე ამღერდა, დიდ სცენაზე ოცნება და იტალიაში მოგზაურობა

ნინო წულაია დამწყები საოპერო მომღერალია, რომელმაც მუსიკალურ პროექტში გამოჩენისთანავე მიიქცია ყურადღება.
Sputnik

დაამთავრა ბათუმის კონსერვატორიის ვოკალის ფაკულტეტი და დღეს სერიოზულ საოპერო რეპერტუარზე მუშაობს. ამას გარდა პოპულარობით სარგებლობს მის მიერ შესრულებული ქართული ტრადიციული და სასულიერო სიმღერები. მის ვოკალურ მონაცემებს დადებითად აფასებს ისეთი რანგის საოპერო ვარსკვლავი, როგორიცაა ალეკო ხომერიკი.

ნინო წულაია

– ნინო, ყველაფერი ბავშვობიდან იწყება, გაიხსენეთ რა იყო გზის დასაწყისში?

— ჩემი ცხოვრების დასაწყისი იყო ულამაზესი ბავშვობა, რომელიც მშობლიურ ქალაქ ფოთში გავატარე. ძალიან მშვიდი და მუსიკალური ბავშვი ვიყავი, როგორც მშობლები მეუბნებიან, ლაპარაკის ნაცვლად პირდაპირ სიმღერა დამიწყია. თურმე, სიტყვებს გამართულად ვერ ვამბობდი, როდესაც ავმღერდი. სკოლა ფოთში დავამთავრე. თავის დროზე ჩემი მომავალი იწინასწარმეტყველა სკოლის მუსიკის პედაგოგმა, ქალბატონმა ლია ბოლქვაძემ. მაშინ დაახლოებით მეექვსე—მეშვიდე კლასში ვიყავი. პირველი კლასიდან სასკოლო ღონისძიებებში ვმღეროდი. სკოლის შემდეგ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩვენი ხელოვნების ინსტიტუტი ბათუმში 1996 წელს გაიხსნა და მისი ერთ-ერთი მიმართულება მუსიკის ფაკულტეტი იყო. 1998 წელს მუსიკის ფაკულტეტი გამოეყო ხელოვნების ინსტიტუტს, ჩამოყალიბდა ცალკე სტრუქტურულ ერთეულად და ქალაქ ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ეწოდა. სწორედ აქ მივიღე მუსიკალური განათლება.

სცენაზე

– საოპერო ხელოვნება, ქართული მუსიკა, სასულიერო სიმღერები – ყველა ჟანრი გაქვთ კარგად მორგებული და ყველაზე უკეთ სად გრძნობთ თავს?

— ამ კითხვაზე ვერც დავფიქრდები, რადგან ყველა ჟანრში თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა, განსაკუთრებულად აღვნიშნავ საოპერო ხელოვნებას, რადგან ამ განხრით კონცერტები მაქვს ჩატარებული და ეს ჟანრი ჩემთვის განსაკუთრებულია. ახლა ვემზადები, რომ ბატონ ალეკო ხომერიკის წიგნის პრეზენტაციაზე „ტრავიატადან“ ურთულესი საოპერო არიით წარვდგე. ვისარგებლებ ამ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი მას ასეთი ნდობისა და დაფასებისთვის. პროექტი, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება, იყო „ნიჭიერი", სადაც ფინალში გავედი. გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები და მოვიპოვე ხალხის სიყვარული.

ვენეციაში

– თავად რას იტყვით ნინო წულაიაზე?

— ვეცდები გულწრფელად გიპასუხოთ: ის კომუნიკაბელური და მიზანდასახულია. ზოგადად, მეოცნებე არ არის, აქვს მიზნები. მისი მთავარი მიზანია გახდეს წარმატებული საოპერო მომღერალი, მისი ყველა ჩანაფიქრი დიდ სცენას უკავშირდება…

– ამ ეტაპზე ცხოვრებაში რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ წარმატებად?

— ცხოვრებაში გადადგმული ყოველი ნაბიჯი ჩემთვის წარმატებულია, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება კარიერის თუ ზოგადად ცხოვრების მხრივ. ვფიქრობ, წარმატება ჩემი ცხოვრების ყოველმა დღემ მომიტანა. თქვენ წარმოიდგინეთ, მარცხიც წარმატებად მიმაჩნია, რადგან უფრო მეტი სტიმულით და მონდომებით ვივსები, ასეთია ჩემი ხასიათი, მებრძოლი ვარ და ეს უკვე წარმატებაა, რადგან ადამიანის ხასიათი მის ცხოვრებას განაპირობებს… 

– თქვენ იყავით ყველა საოპერო მომღერლის საოცნებო ადგილზე — „ლა სკალას“ ვგულისხმობ…

— დიახ, იტალიაში შარშან, ოქტომბერში ვიყავი. ამ ქვეყანაში ყველაზე შთამბეჭდავი დღე ჩემთვის, რა თქმა უნდა, „ლა სკალას“ თეატრში ვიზიტი იყო. მისი სცენა ხომ ყველა დამწყები საოპერო მომღერლისთვის სანატრელი და საოცნებოა. დარბაზთან ერთად საოცარი იყო მუზეუმი, სადაც ინახება მარია კალასის საკონცერტო კაბები, სამკაულები და ბევრი სხვა ისეთი ნივთი, რომელიც კლასიკურ მუსიკასთანაა დაკავშირებული. იტალიის შემდეგ პარიზში ვიყავი. პარიზის ოპერის თეატრიც ვნახე. ვიცი, რომ იმ დღეებიდან გამოყოლილი შთაბეჭდილება ჩემთვის მომავალი წარმატებების სტიმული გახდება…

ქორწილის დღეს

– ოჯახი არც ისე დიდი ხანია რაც შექმენით, როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?

— ჩემი სიყვარულის ამბავი ზღაპარს ჰგავს, რომელიც შარშან დაიწყო და წელს ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა. ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით და პირველივე დანახვის შემდეგ დავიწყეთ ურთიერთობა, რაც სიყვარულში მალევე გადაიზარდა. სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების, თურმე მართლა არსებობს…