„მე ის მუშა ვარ, რომელიც ჯერ არ მომკვდარა" – თბილისში აქციისთვის ემზადებიან

აქციის ორგანიზატორები შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik.  თბილისში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან, რომლის სლოგანია  „მე ის მუშა ვარ, რომელიც ჯერ არ მომკვდარა – აქციე შრომა უსაფრთხო“.

ვარდების მოედანზე საპროტესტო აქცია 23 თებერვალს, 17:00 საათზე გაიმართება. აქციის ორგანიზატორია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ფრთა. ორგანიზაციის წარმომადგენლები გეგმავენ  შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის გადახედვის მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებას მიმართონ, რისთვისაც ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს. 

მშენებლობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები თბილისში 10-ჯერ გაიზრდება

 „ჩვენ  მოვითხოვთ უსაფრთხო შრომას, ჩვენ მოვითხოვთ, რომ კანონპროექტი, რომელსაც ახლა იხილავენ, რეალურად იყოს ორიენტირებული დასაქმებულთა უსაფრთხოების ნორმებისა  და ასევე მათი შრომის პირობებისა და უფლებების დაცვაზე“, – განაცხადა აქტივისტმა გიგა ბექაურმა.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე  ტერიტორიაზე  ორგანიზაციის ახალგაზრდულმა ფრთამ საინფორმაციო კამპანია გამართა იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ამ დროისთვის იხილავს საქართველოს პარლამენტი.

პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების“ შესახებ ახალი კანონის პროექტია შესული, რომელიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების გამკაცრებას და კონტროლის სპეციალური მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს. აქტივისტების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი  დასაქმებულთათვის  რეალური მხარდაჭერა არ იქნება, სწორედ ამიტომ ისინი მის წინააღმდეგ გამოდიან.

ადრე საქართველოს ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა  სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებასთან დაკავშირებით  ხელისუფლების მუშაობაში ჩართვის თხოვნით ევროკომისარს მიმართეს. 

ვაკეში მშენებლობიდან 26 წლის მუშა გადმოვარდა

არასამთავრობოებს ის ფაქტი აწუხებთ, რომ კანონპროექტის თანახმად,  კონტროლის გამკაცრება ყველა სამუშაო ადგილს არ ეხება, არამედ მხოლოდ მათ, სადაც არსებობს მაღალი საფრთხე, რთული პირობები. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს გაუმართლებელი შეზღუდვა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული შრომის სტანდარტების არასწორი ინტერპრეტაციაა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკმაყოფილო არიან იმით, რომ კანონპროექტი ზღუდავს შრომის ინსპექტორების ობიექტებზე დაშვებას.  მათ გეგმიური შემოწმების ჩატარების უფლება ექნებათ, ხოლო  არაგეგმიური კონტროლის განხორციელებისთვის კი სასამართლოს უნდა მიმართონ. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ვერ შეძლებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას.

2007–2016 წლებში საქართველოში სამეწარმეო ტრავმით 416 ადამიანი დაიღუპა, ასეთია შს სამინისტროსა და საქართველოს  პროფკავშირების გაერთიანების მონაცემები.