საქართველოს რაგბის ნაკრები თბილისში საფრანგეთის გუნდს დაუპირისპირდება

31 მაისს „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული გუნდი საფრანგეთის მეორე ნაკრებს შეხვდება.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული გუნდი საფრანგეთის მეორე ნაკრებს (French Barbarians — „ფრანგი ბარბაროსები“) თბილისში 31 მაისს ეთამაშება, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი ქომაგები თავისი ნაკრების თამაშის ნახვას ზაფხულის სეზონზე თბილისში შეძლებენ.

ბორჯღალოსნების ახალი წარმატება: საქართველომ გერმანია ევროპის ერთა თასში გაანადგურა

მატჩის ორგანიზება საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

„ზაფხულის პერიოდში ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრების თამაშების ცოცხლად ხილვის შესაძლებლობას მოკლებულია. გვსურდა მათთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა, ფრანგები გვერდში დაგვიდგნენ და 31 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ ფრანგი „ბარბაროსების“ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით“, — აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

კლუბი French barbarians 1979 წელს დააარსდა, გასული სეზონიდან მას საფრანგეთის მეორე ეროვნული ნაკრების სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

რა შემადგენლობით ჩაატარებს ამ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები, ჯერჯერობით უცნობია.