პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია: საზმაუ რეკლამაზე თანხის გამომუშავებას შეძლებს

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ფასიანი რეკლამის ტრანსლირების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების ჩატარების უფლება მიენიჭა
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა დაძლიეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო ცვლილებებზე კანონში „მაუწყებლობის შესახებ“, რომლის თანახმად, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის და საავტორო პროგრამების ტრანსლაციის უფლება მიეცემა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთადერთი ტელერადიოკომპანიაა საქართველოში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2018 წელს ის 52,5 მილიონი ლარით დაფინანსდება.

„დავიღალე“ - საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ განცდებეზე ისაუბრა

თავიდან დეპუტატებმა კენჭი უყარეს პრეზიდენტის შენიშვნებს, რომლებსაც მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 75 დეპუტატი იყო. ამის შემდგომ კენჭისყრაზე გაიტანეს ადრე მიღებული კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტს არ მოეწონა. შედეგად ვეტოს დაძლევას ხმა 13 დეპუტატის წინააღმდეგ 83-მა დეპუტატმა მისცა.

კანონპროექტს ხელი უნდა მოაწეროს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. ცვლილებები ძალაში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ შევა.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები 2017 წლის 23 დეკემბერს მიიღო. საზმაუ-სთვის კომერციული რეკლამის ტრანსლაციის უფლების მინიჭებამ გამოიწვია პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომერციული ტელეარხების უკმაყოფილება, რომლებსაც ზარალის ეშინიათ.

ამიერიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს უფლებას, განათავსოს არა მხოლოდ სოციალური, არამედ კომერციული რეკლამაც, ოღონდ – შეზღუდვებით. რეკლამის განთავსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამუშაო დღეებში და არა პრაიმ–ტაიმში.

რაც შეეხება საზმაუ-ზე სოციალურ რეკლამას, ყოველ სამ საათში ის სულ მცირე 90 წამს უნდა გრძელდებოდეს, საიდანაც ათი წამი ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას უნდა ეძღვნებოდეს.

ასევე, შესწორებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციის 25% უნდა იყოს კერძო კომპანიების მიერ მომზადებული პროგრამები. ამ პროგრამებზე სახელმწიფო შესყიდვის წესები არ გავრცელდება.

სახელმწიფო შესყიდვების წესების დაცვის გარეშე საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე შეძლებს შეიძინოს ტელევიზიის ან რადიოსთვის, სოციალური გვერდებისთვის განკუთვნილი პროდუქცია, ასევე ტელე–რადიოპროდუქციის თანამგზავრის საშუალებით მიღება–გაშვებისთვის.

შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილს

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო უფლება ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები და გამოიკვლიოს აუდიტორია საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად, ასევე უფლება, მიიღოს თავისუფალი სიხშირეები FM–დიაპაზონზე რადიომაუწყებლობის ქსელის განვითარებისთვის.

ამიერიდან საზმაუ ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კუთხით არსებული სტარტაპების დაფინანსებას შეძლებს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოსგან საზმაუ-ს დამოუკიდებლობის გაზრდას. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოებს აეკრძალებათ საზმაუ-ს სარედაქციო, მართვის და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა, მათ შორის მითითებებისა და დავალებების მიცემა ან იძულებითი შეთანხმებების გაფორმება.