ღვინო და ბლუზი: Blues&Wine კახეთში გეპატიჟებათ

საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც კახეთში მეორედ გაიმართება, ქართველ, ამერიკელ, რუს, ფრანგ, ჰოლანდიელ, ბრიტანელ, კანადელ და ებრაელ ბლუზმენებს შეკრებს.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. მეორე საერთაშორისო ბლუზ-ფესტივალი Blues&Wine („ბლუზი და ღვინო") ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე 2018 წლის 23 ივნისიდან 18 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება.

როკი და ბლუზი: ლეგენდარული ბეტ ჰარტის კონცერტი თბილისში

ფესტივალის ფარგლებში მსოფლიოს რვა ქვეყნის (საქართველო, რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ისრაელი) ვარსკვლავების მონაწილეობით 14 კონცერტია დაგეგმილი.

ფესტივალს ბლუზის ამერიკელი ლეგენდა დეიტრა ფარი გახსნის. მომღერალი არა მარტო უნიკალური ვოკალისტია, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს ჩიკაგოს ბლუზ-ფესტივალსა და მსოფლიოს ბლუზისა და ჯაზ-ფესტივალებში, არამედ არის პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი და მხატვარი.

წელს ქართული ბლუზის ფესტივალში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ბლუზის ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა შარონ ლიუისი, კენ უეინი, ჯეის სმიტი და ა.შ.

ბლუზ-ფესტივალის ფარგლებში თბილისში პრომო-კონცერტები სტარტს გაზაფხულიდან აიღებს. კერძოდ, ამერიკელი ბლუზმენების გაია დევისისა და შანა უიტერსტოუნის, ასევე სხვა მუსიკოსების გამოსვლები კლუბ Otium-ში გაიმართება.

ბლუზის მოყვარულებს ჯოსელინ ბრაუნი თბილისში ეპატიჟება

ღონისძიების მიზანი საქართველოში ბლუზ-საზოგადოების განვითარება და მსოფლიო ბლუზის განუყოფელ ნაწილად ქცევაა.

„ლაგოდეხში საერთაშორისო ბლუზ-ფესტივალის გამართვის იდეა — ამბიციური და პოზიტიური პროექტია, რომელსაც რეგიონისთვის მრავალი სოციალური სიკეთის მოტანა შეუძლია. ფესტივალი საქართველოს კულტურის თანამედროვე საფესტივალო ცენტრად გახდომაში დაეხმარება. ჩვენი მიზანი ბლუზის პოპულარიზაცია, ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლების გამოვლენა და მათი ოსტატობის დახვეწაა", — ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

საერთაშორისო ბლუზ–ფესტივალი კომპანია Blues Village–ის, ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მალე დაიწყება.