ბერტოლდ ბრეხტის ლიტერატურული პრემია ნინო ხარატიშვილს ერგო

ნინო ხარატიშვილმა პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია მიიღო რომანისთვის "მერვე ცხოვრება", რომელიც წარმოადგენს საგას ერთი ქართული ოჯახის ცხოვრების შესახებ.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მწერალმა და დრამატურგმა ნინო ხარატიშვილმა პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია მიიღო რომანისთვის „მერვე ცხოვრება".

გამოჩენილი გერმანელი დრამატურგის, პოეტისა და პროზაიკოსის ბერტოლდ ბრეხტის სახელობის პრემია გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული პრემიაა. მას ანიჭებენ მწერლებს, რომლებმაც „თავიანთ ლიტერატურულ ნაწარმოებებში აწმყოს კრიტიკულ შესწავლაში" წარმატებას მიაღწიეს.

გამარჯვებულს პრემია ორ წელიწადში ერთხელ ბრეხტის მშობლიურ ქალაქში აუგსბურგში 1995 წლიდან გადაეცემა. საპრიზო ფონდია 15 ათასი ევრო.

ხარატიშვილის რომანი „მერვე ცხოვრება (ბრილკასთვის)" 2014 წელს გამოვიდა და პრესამ მას წლის საუკეთესო გერმანულენოვანი რომანი უწოდა.

ქართველი მსახიობი – ევროპის ამომავალი ვარსკვლავი

მოცულობით საკმაოდ მასშტაბური რომანი (1270 გვერდი) — ესაა ოჯახური საგა, რომელიც მოგვითხრობს ერთი ქართული ოჯახის ექვსი თაობის ცხოვრების შესახებ, რომელიც პოლიტიკური ხელისუფლების რამდენჯერმე შეცვლის მოწმე გახდა.

ნაწარმოებში ხარატიშვილი თამამად ეხება დასავლეთის აღმოსავლეთთან კონფლიქტს, აღწერს რთულ ისტორიულ პროცესებს, რევოლუციებსა და ომებს. მწერალი გულღიად საუბრობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, ადამიანურ შეცდომებსა და საბედისწერო მოვლენებზე, ქალთა გმირობისა და მრავალი სხვა რამის შესახებ.

ჯილდოსა და ფულად პრემიას ნინო ხარატიშვილი 19 აპრილს აუგსბურგში მიიღებს.

ნინო ხარატიშვილი 1983 წელს თბილისში დაიბადა. სწავლობდა კინორეჟისურის სპეციალობაზე, შემდეგ ჰამბურგში — თეატრალურ რეჟისურაზე.

ხარატიშვილი ავტორია მრავალი პროზაული ნაწარმოებისა, რომლებიც გამოიცა საქართველოსა და გერმანიაში. მისი პირველი წიგნი Der Cousin und Bekina 2002 წელს გამოიცა. ამჟამად გეტინგენის გერმანული თეატრის მუდმივი ავტორია.

ხარატიშვილის ცნობილი რომანებია „ჟუჟა", „ჩემი ნაზი ტყუპისცალი", „ბარბარა" და სხვ.