ზაფხულში Flydubai ბათუმში ფრენებს მოუხშირებს

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ავიაკომპანიამ ზაფხულის პერიოდში ბათუმში ფრენების გახშირება გადაწყვიტა.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ავიაკომპანია Flydubai ზაფხულში ყოველდღე შესრულებს რეისებს მარშრუტით დუბაი-ბათუმი-დუბაი, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე.

თბილისი ევროპის 65 ავიაკომპანიის წარმომადგენლებს მასპინძლობს

ამჟამად Flydubai ბათუმში ფრენას კვირაში სამჯერ ახორციელებს Boing-737-800 მოდელის თვითმფრინავით, ხოლო 16 ივნისიდან 30 სექტემბრამდე ფრენების სიხშირე კვირაში შვიდი დღე გახდება. შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 14 თებერვალს გასცა.

Flydubai ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და სტაბილურად ოპერირებს საჰაერო ხაზზე დუბაი-თბილისი-დუბაი. 2017 წლიდან ავიაკომპანიამ დაიწყო ფრენები ბათუმის მიმართულებით, ხოლო თბილისისა და ბათუმის შემდეგ ქუთაისი მესამე ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც Flydubai 2018 წლის 14 ივნისიდან იფრენს.

2017 წელს საქართველოში რეგულარულ ავიარეისებს ახორციელებდა 53 ავიაკომპანია, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 51,4%-ით მეტია. წელიწადში ავიაკომპანიებმა დაახლოებით 4 მლნ მგზავრი გადაიყვანეს (+43,4%).