თბილისში 180 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა

თბილისში 10 ადგილი შეარჩიეს, სადაც მიწისქვეშა ავტოსადგომები აშენდება, ამისთვის კერძო კომპანიებმა კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა, შემდეგ კი კვლევა ჩაატარონ.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქის მერია თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) მიმდებარე ტერიტორიაზე 180 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობითაა დაინტერესებული, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მერმა ქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ თბილისში 10 ადგილია მონიშნული, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგის ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამისთვის მერია კერძო კომპანიებისთვის კონკურსს აცხადებს.

„ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ბიზნეს-მოდელი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტები. ინტერესთა გამოხატვა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ და შეისწავლონ ყველანაირი დოკუმენტაცია", — განაცხადა კალაძემ.

მისი სიტყვებით, მანამდე, ვიდრე პროექტი განხორციელდება, კომპანიები ტექნიკურ და ეკონომიკურ კვლევებს ჩაატარებენ. პროექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ კვლევის შედეგად მისი მიზნობრიობა დადასტურდება.

„ინტერესთა გამოხატვის აუცილებელი პირობაა, რომ საპარკინგე ადგილების 5% გათვალისწინებული იყოს ელექტრომობილებისთვის და ამ ადგილებზე სპეციალური დამტენები დამონტაჟდეს. მთლიანობაში აღნიშნული საპარკინგე ინფრასტრუქტურა გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ 180 ავტომანქანაზე", — აღნიშნა კალაძემ.

თბილისში მრავალდონიანი ავტოსადგომები აშენდება

პროექტის შესწავლა, ასევე სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება კერძო ინვესტიციით, რომლის ღირებულებაც 3 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ამისთვის საბიუჯეტო სახსრები არ გამოიყოფა, განაცხადა მერმა.

„ჩვენ მარტო მიწისქვეშა პარკინგზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული. კვლევის ანალიზის შედეგების საფუძველზე იქ, სადაც იქნება შესაძლებელი, აშენდება მიწისზედა პარკინგი, რამდენადაც ეს სერიოზული პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, აუცილებლად უნდა გადაწყდეს", — აღნიშნა კალაძემ.

2017 წლის ნოემბერში კახა კალაძემ თბილისის მერის უფლებამოსილების აღსრულების დაწყებისთანავე განაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლება დედაქალაქში პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემის მთლიანად გადაწყვეტას გეგმავს.

დავით ნარმანიას მერობის დროს თბილისის მერიამ ქალაქში 10 ადგილი შეარჩია, სადაც მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობა იგეგმებოდა. ადგილები შეირჩა კვლევის საფუძველზე, რომელიც ჩაატარა საერთაშორისო კონსალტინგურმა კომპანიამ PWC (PricewaterhouseCoopers). კვლევის ფარგლებში კომპანიამ შეისწავლა ბაზარი და განსაზღვრა ტექნიკური პარამეტრები.

მრავალდონიანი ავტოსადგომების აშენება იგეგმება რკინიგზის სადგურის, მეტრო „მარჯანიშვილის", ფილარმონიის, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე, მეტრო „ისანთან", „დინამოს" სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, მეტრო „ვარკეთილთან" და გეგეშიძის ბაღთან.