ახალგაზრდა ქართველი პიანისტი სანდრო ნებიერიძე პერმში კონცერტს გამართავს

სანდრო ნებიერიძე უკვე ცნობილი ნიჭიერი პიანისტია, რომელიც ხშირად მართავს გასტროლებს ევროპასა და რუსეთში.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის Grand Piano Competition გრან-პრის მფლობელი, ახალგაზრდა ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე დღეს, 20 თებერვალს კონცერტს მართავს პერმის საორგანო საკონცერტო დარბაზში.

ნიჭიერი მუსიკოსი პერმში სოლო კონცერტის გასამართად სამხარეო ფილარმონიამ მიიწვია.

ორგანიზატორების განცხადებით, ნებიერიძის კონცერტის პროგრამაშია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, სერგეი პროკოფიევის, სერგეი რახმანინოვის საფორტეპიანო სონატები და საკუთარი ნაწარმოებები.

ქართველმა მუსიკოსმა მოსკოვის ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსზე გაიმარჯვა

სანდრო ნებიერიძე 17 წლის პიანისტი და კომპოზიტორია. ის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სემინარიაში სწავლობს (პედაგოგი – ლალი სანიკიძე).

ფორტეპიანოს გარდა ის ასევე კომპოზიციას სწავლობს მაკა ვირსალაძის კლასში.

ნებიერიძე ფორტეპიანოსა და სხვა ინსტრუმენტებისთვის თხზულებებისა და ოპერის ავტორია. არის მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მათ შორისაა Musica. Sepashvili Klavierwettbewerb (2009, I პრემია); Balys Dvarionas International Piano Competition ვილნიუსში (ლიტვა, 2012), საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი-ფესტივალი კიევში (უკრაინა, 2013), Astana Piano Passion (ყაზახეთი, 2015, I პრემია).

პიანისტი კონცერტებით მოგზაურობს საქართველოსა და ევროპაში. მუსიკოსის საკონცერტო პროგრამაში შესულია საკუთარი ნაწარმოებებიც.