თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ქართული დისპორის წარმომადგენლებისთვის შემუშავდა ონლაინ–აპლიკაცია, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ინფორმაციის მიღება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და სპეციალურ პროგრამებზე, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს 19 თებერვალს ისაუბრა.
აპლიკაციის საშუალებით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მარტივად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი და განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების, მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში ჯანდაცვის, სოციალური უფლებების, იურიდიული მომსახურების და სხვა სერვისების შესახებ.
„ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული ქართველი საზღვარგარეთ. მათ სურვილი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საქართველოში მიმდინარე პროცესებში. წელს ჩვენი მიზანია გამოვძებნოთ ისეთი პროექტები და შევქმნათ შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ სურვილს — დაეხმარონ სამშობლოს და მიიღონ მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეო პროცესებში“, — აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ჯანელიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და კულტურისა და სპორტის სამინისტროებთან ერთად აღნიშნული მიმართულებით კონკრეტული პროექტების განხორცილებაზე.
აღნიშნული აპლიკაცია ჯერჯერობით არ ამოქმედებულა.
დღეისათვის არსებობს ისტორიული დიასპორა — ეს ის თანამემამულეები არიან, რომლებიც თავის ისტორიულ სამშობლოში ცხოვრობენ (რუსეთი, ისრაელი, საბერძნეთი), ან საქართველოდან 1990 წლამდე წასულები — ეს მილიონ ადამიანზე მეტია. გარდა ამისა, არიან თანამედროვე ემიგრანრებიც — ისინი, ვინც 1990 წლის შემდეგ წავიდა. მათი რიცხვი 1,5 მილიონ ადამიანს აღემატება.