პოლიციისა და „სასწრაფო დახმარების“ კოორდინაცია გაუმჯობესდება

სასწრაფო დახმარების ბრიფადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მიიღებენ ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ინციდენტებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებას შეუწყობს ხელს
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ ახალ პროგრამას აამოქმედებს, რომლის დახმარებით ოპერატორი ონლაინ-რეჟიმში დეტალურ ინფორმაციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და საპატრულო პოლიციას შეტყობინების შემოსვლისთანავე გადასცემს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი პროექტი წარადგინეს, რომელიც გულისხმობს საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას. სიახლის მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ მცირდება კომუნიკაციის დრო და შესაძლებელი იქნება მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის უმოკლეს ვადებში გადაცემა.

მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამა ჩაიწერება საპატრულო ეკიპაჟების და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების პორტატიულ კომპიუტერებში. ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა მინიმუმამდე ამცირებს როგორც ვერბალურ კომუნიკაციას, ისე ცდომილების ალბათობასაც, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და რეაგირების ოპერატიულობას, რომელიც ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და რიგ შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორია.