თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა შრაგა ბროშმა ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ისრაელის საწარმოების შესაძლო განთავსებაზე იმსჯელეს, აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ის დასრულების შემდეგ სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსს მიიღებს. პორტის მშენებლობას ახორციელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც დააფუძნეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მა.
შეხვედრაზე კვირიკაშვილმა ბროშს საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალი და ბიზნეს-გარემო გააცნო.
„განსაკუთრებულად აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სპეციალური ეკონომიკური ზონის, როგორც სტრატეგიული რეგიონული კვანძის პოტენციალი. შეხვედრაზე დადასტურდა, რომ საქართველოში, კერძოდ, ანაკლიაში ისრაელიდან საწარმოების გადმოტანის შესაძლებლობები განიხილება", — ნათქვამია განცხადებაში.
ამავე დროს ბროშმა აღნიშნა, რომ ისრაელელი ინვესტორები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებით არიან დაინტერესებული.
ანაკლიის პორტის განვითარება ეტაპობრივად განხორციელდება. მშენებლობის პირველ ეტაპზე, სამი-ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია აშენდეს პორტი სატვირთო გემებისთვის, კონტენეირების ტერმინალი, ჯებირი და ეზო ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის. პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 16,8 მლნ ტონა იქნება.
მშენებლობა 52 წელი გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 76,5 მლნ ტონა იქნება.
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პარალელურად აშენდება პორტის ქალაქი–თანამგზავრი.