მოზარდ-მაყურებელთა თეატრი იაპონიაში სპექტალით წარდგება

ფესტივალის მაყურებელი იხილავს სპექტაკლს „რწყილი და ჭიანჭველა", რომელიც მეგობრობაზე მოგვითხრობს.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ აზიურ ფესტივალში Asia Theatre for Young Audiences Festival-ში მიიღებს მონაწილეობას.

Asia Theatre for Young Audiences Festival — ბავშვებისა და ახალგაზრდობისთვის საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალია. ის 2004 წელს მოზარდი თაობისთვის თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. წელს ღონისძიება 19-25 თებერვლის პერიოდში ჩატარდება.

გაბრიაძის მარიონეტების თეატრი სპექტაკლს ავინიონის ფესტივალზე წარადგენს

ფესტივალზე ტოკიოსა და ნაგოიაში ქართული თეატრი რეჟისორ დიმიტრი ღვთისიაშვილის დადგმას „რწყილი და ჭიანჭველას" წარადგენს, რომელიც კომპოზიტორ ზურაბ გაგლოშვილის მუსიკაზე გია მარღანიას ქორეოგრაფიით შეიქმნა.

„ამქვეყნად მეგობარი ყველას სჭირდება, ადამიანსაც, ცხოველს თუ ფრინველს და თვით პაწაწინა არსებებსაც კი. ზღაპარი მოგვითხრობს, თუ როგორ წირავს მეგობრისთვის თავს ერთი პატარა რწყილი. ნამდვილი მეგობრობა შეუფასებელი განძია, მხოლოდ მას შეუძლია ნამდვილი მეგობრობა, ვისაც სუფთა და კეთილი გული აქვს", — ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის დასის სპექტაკლი მაყურებელს თოჯინების თეატრის უნიკალურ სამყაროსა და მის უსაზღვრო შესაძლებლობებზე უხელს თვალს. დადგმა სავსეა ქართული ფოლკლორით, ეროვნული ცეკვებითა და ქალაქური სიმღერების მოტივებით.

ფესტივალის ფარგლებში მოზარდ მაყურებელთა თეატრი ასევე მიიღებს მონაწილეობას აზიის საბავშვო თეატრების კონფერენციაში, რომელიც 21-22 თებერვალს გაიმართება.

Asia Theatre for Young Audiences Festival-ს ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი თეატრალური კოლექტივი სტუმრობს.