23 წლის გოგოს ფირმა და მის მიერ დამზადებული საყურეები ცნობილების ზარდახშაში

ბავშვობაში, როცა ქსოვდა და ლამაზ ნივთებს ამზადებდა, ვერც იფიქრებდა, რომ მოვიდოდა დრო და მის მიერ დამზადებულ საყურეებს ცნობილი ადამიანები მოირგებდნენ...
Sputnik

ეთო აბრამიშვილმა ილიაუნის ბიზნესის სკოლა დაამთავრა და დღეს ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია. საკუთარ ფირმას Abeto დაარქვა, მისი სამკაულების ეტიკეტს Made in Georgia ამშვენებს.

ეთო აბრამიშვილი

– ეთო, რამდენ ხანში გახდა თქვენი სამკაულები პოპულარული? 

— უკვე მეოთხე წელია, რაც სამკაულებს ვაკეთებ, მაგრამ ისინი აქტუალური და პოპულარული ბოლო ერთი წელია, რაც გახდა. მიყვარს ხელსაქმე და დღეს შეკვეთები საკმარისად მაქვს. ამჟამად ბანკში ვმუშაობ. ბავშვობაში ჩანთებს და სხვადასხვა ნივთებს ვქსოვდი და მძივებს ვაწყობდი. არასოდეს მეგონა, რომ ეს გატაცება სერიოზულ საქმედ იქცეოდა. მალე ეს საქმე ალბათ ბიზნესადაც იქცევა.

ეთო აბრამიშვილის ნაკეთობები

– ძირითადად საყურეებს ამზადებთ?

— პირველად შუშის თვლებით გაწყობილი ტყავის საყურეების დამზადება დავიწყე. რაც თავიდანვე მოეწონათ და შეკვეთებს ძირითადად ამაზე ვიღებდი. ასე რომ, მართალია, ხელნაკეთ აქსესუარებს ვაკეთებ, ძირითადად მაინც საყურეებზე ვმუშაობ. მათ დასამზადებლად ვიყენებ ტყავს, შუშის ქვებს და სვაროვსკის კრისტალებს, რომელიც მოდაში შემოვიდა. ძირითადად ამაზეა მოთხოვნა. საყურეების ფასი 20-დან 55 ლარამდეა. მის ფორმას დამკვეთი საკუთარი სტილის გათვალისწინებით ირჩევს.

ნინი ბადურაშვილი ეთო აბრამიშვილის საყურით

– თქვენი საყურე ბევრმა ცნობილმა ქართველმა მოიწონა…

— დიახ, ჩემი საყურეები დღეს სოფო ნიჟარაძის, ნინი ბადურაშვილის, მარიკა როხვაძის, მაკა ზამბახიძის სამკაულების ჩამონათვალშია… მათ სოციალურ ქსელებში ნახეს ისინი და მოეწონათ. ზოგს არც შეუძენია – მე გავუკეთე საჩუქარი. საზოგადოების გარკვეულ კატეგორიაში უკვე მიცნობენ და ბრენდის შექმნაზე ხშირად მეკითხებიან. მე ვფიქრობ, ამ ასაკში ეს თამამი განაცხადი იქნებოდა, თუმცა საამისო საფუძველი და პერსპექტივა არსებობს.

ეთო აბრამიშვილის ნაკეთობები

– მომხმარებელი უკვე იცნობს სამკაულებს, რომელსაც Abeto აწერია.  

— დიახ, „აბეტო“ – ჩემი სახელისა და გვარის ინიციალების გაერთიანებაა. სოციალურ ქსელებში ამ სახელწოდების ჩემი გვერდი გავხსენი. ოჯახის წევრებს ჩემი გატაცება უკვე საქმედ მიაჩნიათ და ყველანაირად მეხმარებიან. საყურის გარდა რამდენიმე ყელსაბამი მაქვს გაკეთებული. ამ ეტაპზე ქუდების, წინდების, ხელთათმანების კეთება მაქვს დაწყებული. მომავალში მინდა, რომ ჩემი სტენდი ან მაღაზია გავხსნა და მომხმარებელს მეტი არჩევანი შევთავაზო.