ქართველი მოთხილამურე ოლიმპიადაზე ფინიშამდე ვერ მივიდა

22 თებერვალს აბრამიშვილი მონაწილეობას მამაკაცების სლალომში მიიღებს
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ფიონგჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე გიგანტურ სლალომში გამართული შეჯიბრების პირველ ცდაში ქართველი მოთხილამურემ იასონ აბრამიშვილმა დისტანცია ვერ გადალახა და შემაჯამებელ ოქმში 72-ე ადგილი დაიკავა.

პროგრამის ამ სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონი ავსტრიელი მარსელ ჰირშერი გახდა. მეორე ადგილი ნორვეგიელმა ჰენრიკ კრისტოფერსენმა დაიკავა, ხოლო მესამე — ფრანგმა ალექსის პინტურომ.

აღსანიშნავია, რომ ოთხი წლის წინაც, სოჭის ოლიმპიადაზე აბრამიშვილმა ვერ გადალახა გიგანტური სლალომის ტრასა, ხოლო ვანკუვერის ოლიმპიადაზე (2010) პროგრამის ამ სახეობაში 29-ე ადგილი დაიკავა.

ფიონგჩანგში ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოთხილამურე გამოვიდა

ქართველი მოთხილამურე, რომლისთვისაც ფიონგჩანგის ოლიმპიადა უკვე მეოთხეა, 22 თებერვალს მამაკაცების სლალომში მიღებს მონაწილეობას. სოჭის ოლიმპიადაზე პროგრამის ამ სახეობაში აბრამიშვილმა 22-ე ადგილი დაიკავა, ვანკუვერში კი 32-ე იყო.

აბრამიშვილის გამოსვლით დასრულდება ქართველი სპორტსმენების ასპარეზობა სამხრეთ კორეაში. მანამდე ოლიმპიადაზე გამოვიდნენ მოციგავე გიორგი საღოიანი, მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

ფიონგჩანგის ოლიმპიადაზე შეჯიბრებების ცხრა დღის შემდეგ მედლების საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა ნორვეგია, რომლის სპორტსმენებმა 25 მედალი დაიმსხურეს — 9 ოქრო, 9 ვერცხლი და 7 ბრინჯაო. მეორე ადგილზე გერმანიაა (9-4-4-), მესამეზე — ჰოლანდია (6-5-2).

ფიონგჩანგის XXIII ოლიმპიური თამაშები 25 თებერვალს დასრულდება.