მიუნხენის კონფერენცია: პრემიერი შეხვედრებს მართავს

მთავრობის მეთაურმა მიუნხენში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და საინვეხტიციო პოტენციალი განიხილა
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის პირველი შეხვედრები გამართა, ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უსაფრთხოების მთავარი გამოწვევების განსხილველად მიუნხენის კონფერენციაზე 30-მდე სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური და სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მინისტრი შეიკრიბა. 2018 წლის ფორუმის ძირითადი თემებია — ევროკავშირის ურთიერთობები რუსეთთან და აშშ-სთან, ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ვითარება ახლო აღმოსავლეთსა და კორეის ნახევარკუნძულზე.

საგარეო უწყებამ განმარტა ევროკავშირის ქვეყნები თუ რატომ არ აძლევენ ქართველებს თავშესაფარს

შაბათს კვირიკაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან მოლაპარაკებები გამართა, სადაც მხარეებმა საქართველოს და აშშ-ის წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს.

„ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების პროცეში, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“, — განაცხადა მატისმა შეხვედრაზე.

მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოში თავდაცვის სფეროში მიმდინარე და გატარებული რეფორმები განიხილეს.

კვირიკაშვილი: ქართულ პოლიტიკას ახალგაზრდული ენერგია სჭირდება

„ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ წერტილზეა, რაც გასაფრთხილებელია და ჩვენ კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა. აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საფუძვლიანად განვიხილეთ აშშ-თან ჩვენი დღევანდელი თანამშრომლობა. ბატონი მატისისგან მივიღეთ დაპირება, რომ ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია მოხდება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერი ასევე შეხვდა ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანს. მხარეებმა განიხილეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით არსებული შედეგები, აგრეთვე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ახალი დღის წესრიგი და მომავალი რეფორმები.

„ევროკავშირი მზად არის, განაგრძოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა რეფორმებისა და საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი დღის წესრიგის წარმატებით განხორციელების პროცესში“, — აღნიშნა ჰანმა შეხვდრაზე.

მიუნხენში კვირიკაშვილი 30-ზე მეტ მსხვილი საერთაშოროსო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და ისინი საქართველოში მოიწვია.

„უმსხვილესი კომპანიების პირველი პირები იყვნენ მოსული და გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოშია, რომლებსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. ინტერესი იყო ძალიან ძლიერი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საქართველოში არაერთი მათგანის ვიზიტი შედგება“, — შეაფასა კვირიკაშვილმა შეხვედრის შედეგები.

აგრეთვე შედგა შეხვედრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, რომელზეც მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს.

მეტი ვაჭრობა და რეფორმები - რაზე ისაუბრეს კვირიკაშვილმა და მოგერინიმ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვდრა შედგა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს იმ დანაშაულებს, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილია როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, ისე სამხედრო მოქმედებების წინა და შემდგომ პერიოდში — 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე. 

კვირიკაშვილმა დაარწმუნა საერთაშორისო პროკურორი, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სიმართლე დაადგინოს. პრემიერი მიესალმა თბილისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობითი ოფისის გახსნას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომელიც 16 თებერვალს დაიწყო და 18 თებერვალს დასრულდება.