ავიაკატასტროფა ირანში - საქართველოს პირველი პირები მწუხარებას გამოთქვამენ

ირანში ისპაჰანის პროვინციაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ყველა მგზავრი და ეკიპაჟი დაიღუპა
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირანული ავიაკომპანია Aseman Airlines-ის თვითმფრინავის ისპაჰანის პროვინციაში ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.

ირანული ავიაკომპანია Aseman Airlines-ის თვითმფრინავმა ისპაჰანის პროვინციაში ქალაქ სემირომის რაიონში ადგილობრივი დროით 8:55 საათზე ავიაკატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 66 ადამიანი დაიღუპა.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 66 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ირანის ხელისუფლებას და ირანელ ხალხს. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვართ“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ავიაკატასტროფა ირანში: ბოლო ცნობები

ირანში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარება პრეზიდენტმა მარგველაშვილმაც გამოთქვა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანაგრძნობას ვუცხადებ ირანის მთავრობასა და ირანელ ხალხს“, — წერს პრეზიდენტი საკუთარ Facebook-გვერდზე.

ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავი დენის ქედს შეეჯახა. ბორტზე იმყოფებოდა 60 მგზავრი, მათ შორის იყო ერთი ბავშვი, და ეკიპაჟის ექვსი წევრი. ავიაკომპანიის მონაცემებით, ყველა მათგანი დაიღუპა.

ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო სპეციალისტების მუშაობა გართულებულია.