თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დაკავებულებს 2017 წლის აგვისტოში ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი, 2 ადამიანის განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.
„დაკავებულებმა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვის გზით, 1988 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელს დაბადებული ზ.ს. მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1998 წელს დაბადებული რ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, ხოლო 1997 წელს დაბადებული ნ.ბ. თბილისში დააკავეს.