„სოკარი“ კახეთში დარვრილი ბენზინისთვის დაისჯება

გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა საქმის წარმოების დასრულების შემდგომ დაანგარიშდება
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. გომბორის უღელტეხილზე კომპანია „სოკარის“ კუთვნილი ბენზინმზიდის გადავარდნისა და აფეთქების შედეგად, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა, ნათქვამია გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა დღეს შუადღეს მოხდა. ბენზინმზიდი, რომელიც თელავის მიმართულებით მოძრაობდა, გზიდან გადავიდა და აფეთქდა. დაშავებულები არ არიან. ავტომანქანაში მყოფმა მძღოლმა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლა მოასწრო.

გარემოს დაცვას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიხედავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ადგილზე იმყოფებიან. მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა, ნათქვამია განცხადებაში.

„გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტში დაიწყება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სამართალდარღვევის საქმის წარმოება. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა საქმის წარმოების დასრულების შემდგომ დაანგარიშდება“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 188-ე მუხლით („გაუფრთხილებლობით  ნივთის დაზიანებას ან განადგურებას“) და ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.