საქართველოში Stadler-ის ვაგონებს გამოუშვებენ

იგეგმება, რომ ახალი წარმოება ვაგონებს არამარტო რკინიგზისთვის, არამედ მეტროსთვისაც გამოუშვებს
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალოი — Sputnik. შვეიცარიული კომპანია Stadler Rail AG-ი თბილისში ვაგონმწარმოებელ ქარხანას ააშენებს.

ქარხნის მშენებლობის დეტალები განიხილებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და კომპანია Stadler Rail AG-ის პრეზიდენტის პიტერ შპულერის შეხვედრაზე. დირექტორმა მთავრობის მეთაურს მშენებლობის დეტალები და მოძრავი შემადგენლობების წარმოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.

Boeing-ი და Airbus-ი დეტალებს საქართველოში შეიძენენ

„ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით, როგორც საქართველოს რკინიგზას, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ქარხანა საექსპორტო შეკვეთებზეც იმუშავებს“, — ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მშენებლობისთვის დედაქალაქის გარეუბნებში სამი შესაძლო ადგილი განიხილება.

კომპანია Stadler-თან თანამშრომლობა 2016 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც საქართველომ Stadler-ისგან ოთხი ორსართულიანი მატარებელი შეიძინა, რომლებიც თბილისსა და ბათუმს შორის მოძრაობენ. კომპანია Stadler-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის ივნისში გაფორმდა.

კომპანია Stadler-ი 1942 წელს დააარსა ერნსტ შტადლერმა ციურიხში. დღეისათვის კომპანია ევროპის 11 ქვეყანაში, ასევე აფირიკაში, ავსტრალიასა და აშშ-ში არის წარმოდგენილი. კომპანია აწარმოებს სამგზავრო მატარებლებსა და ვაგონებს, მასში 7 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.