დასახელდა საქართველოს კონსტიტუციის ბოლო კენჭისყრის თარიღი

საქართველოს მმართველი პარტია ვენეციის კომისიიდან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებით შეფასებას ელოდება
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური სპექტრი და მოსახლეობა დაარწმუნა იმაში, რომ ქვეყნის მთავარ კანონში შესატანი ცვლილებები ვენეციის რეკომენდაციებს ეყრდნობა.

„ეს ცვლილებები ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და აქედან გამომდინარე, მზად ვართ, რომ პირნათლად შევასრულოთ ეს რეკომენდაციები და საბოლოოდ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები“, — განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციის გარეშე - კონსტიტუციის ცვლილებებს მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა

საკონსტიუტციო ცვლილებებზე კენჭისყრა მესამე, ბოლო მოსმენით 21 მარტისათვის არის დაგეგმილი.

რამდენიმე დღის წინ კობახიძე ვენეციის კომისიის ექსპერტებს შეხვდა და მათ კანონპროექტი გააცნო.

ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, უქმდება „ბონუსების სისტემა“, არჩევნებზე ერთჯერადად ნარჩუნდება ბლოკების მონაწილეობის უფლება, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აპრიორი არ გახდება საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი.

მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ ყველა საკვანძო ნორმა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მომავალი მოწვევის პარლამენტი ამუშავდება, ანუ 2020 წლის ბოლოსთვის.

„ვენეციის კომისია სრულად არის ჩართული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და მისი დაწყების ეტაპიდან დასასრულამდე ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებს. ჩვენ ვენეციის კომისიას გავუგზავნეთ ბოლო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებული ვერსია, რომელიც ძირითად ტექსტში სწორედ მათი რეკომენდაციების ასახვას ემსახურებოდა… რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად არის აღქმული და მიღებული, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გაგვიზიარა, ფაქტობრივად, სრულად არის გათვალისწინებული და უკვე საბოლოო ცვლილებებში აისახება“, — გუნაცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

მოქალაქეობის ჩამორთმევა, როგორც ეს სააკაშვილის შემთხვევაში იყო, აღარ მოხდება

მისი თქმით, ვენეციის კომისია, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ დოკუმენტს მარტის შუა რიცხვებში მოამზადებს.

„ველოდებით მოკლე და პოზიტიურ შეფასებას იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა შეასრულა თავისი პირობა“, — აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ვენეციის კომისიის დელეგაციის წარმომადგენელმა ჯოზეფ მარია კასტელა ანდრეუმ განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტის მიზანია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული თვალსაზრისების გაზიარება.

„ჩვენ თავიდან არ ვხსნით დისკუსიას. ჩვენი ვიზიტის მიზანია, შევიტყოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება ამ ეტაპზე ცვლილებები და ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ინფორმაცია მოგვაწოდა“,- განაცხადა მან.

მისი თქმით, ვენეციის კომისია მომზადებულ ანგარიშს პლენარულ სხდომაზე 16-17 მარტს განიხილავს.

პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ფორმატში მუშაობა განაახლა

2017 წლის სექტემბერში ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე წინასწარი ანგარიში წარადგინა. კომისია მიესალმა 2020 წლის არჩევნებზე ბლოკების შექმნას და გამსვლელი ბარიერის დაწევას, რადგან ეს, მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადების ნეგატიურ შედეგებს გაანეიტრალებდა.

ამავე დროს ვენეციის კომისია მიესალმა „ქართული ოცნების“ მზადყოფნას, ეთქვა უარი 2024 წლისთვის ბონუსების სისტემის შემოღების იდეაზე.