საგარეო უწყებამ განმარტა ევროკავშირის ქვეყნები თუ რატომ არ აძლევენ ქართველებს თავშესაფარს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს მოქალაქეებს შეახსენეს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს უნდა გაუფრთხილდნენ
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნები ხშირ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მიღებაზე უარს ეუბნებიან, რამდენადაც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2017 წელს 35%–ით გაიზარდა, რაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. უფრო მეტიც, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობა გერმანიაში ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების ლობირებას გეგმავს.  

საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის კანონმდებლობას გაამკაცრებს

 „საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის განაცხადის განხილვის ვადები შენგენის უმრავლეს ქვეყანაში მინიმუმამდეა დაყვანილი. ამგვარი მიდგომა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ გამოიყენება იმის გამო, რომ ევროკავშირისა და შენგენის მთელი რიგი ქვეყნები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების რიცხვს მიაკუთვნებენ, რაც განპირობებულია ჩვენს ქვეყანაში არსებული დემოკრატიული სტანდარტებითა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ზოგიერთ შემთხვევაში საქართველოდან განაცხადების განხილვა შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდეს.

სამინისტროში ასეთი კომენტარი გააკეთეს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ 2017 წელს შვედეთმა საქართველოს მოქალაქეების 963 მიმართვა განიხილა  და თავშესაფარი არც ერთ მათგანს არ მისცა.

მიმდინარე წელს შვედეთში თავშესაფარი საქართველოს 1105–მა მოქალაქემ  მოითხოვა. ამ მაჩვენებლით საქართველოს სირია, ერაყი, ერიტრეა და ავღანეთი უსწრებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მასშტაბური რეფორმებისა და საერთო ძალისხმევის შედეგია, რაც საქართველოს დიდ მიღწევას წარმოადგენს.

 „შესაბამისად  მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა  მოქალაქემ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს და ზედმიწევნით დაიცვას უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობები“, – აღნიშნეს სამინისტროში. 

ჯანელიძე: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება

ადრე საქართველოს ელჩმა ბელგიაში, ლუქსემბურგსა და ევროკავშირში ნატალია საბანაძემ საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს არაფერი ემუქრება.

იგივე გაიმეორა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მისი სიტყვებით, დღეს არ არსებობს „ის მოცემულობა“, როდესაც შესაძლებელი იქნება  უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.

ამასთან, თებერვლის დასაწყისში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი ჩაატარა, რომელზეც  განიხილეს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების საკითხი.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

ევროკავშირში გამგზავრებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ბიომეტრიული პასპორტი, სასტუმროს დაჯავშნული ნომერი ან მეგობარი–ნათესავის მისამართი, სადაც აპირებს ცხოვრებას, სამედიცინო დაზღვევა, თანხა ცხოვრებისთვის და უკან დასაბრუნებელი ბილეთი.