ქართველი მოციგურავე ოლიმპიადაზე საუკეთესოთა ჯგუფში გავიდა

ყვითელაშვილი მესამე ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ფიონგჩანგში ოლიმპიადაზე აიღო სტარტი.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონგჩანგში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამის შედეგებით თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

ყვითელაშვილი ყინულზე მე–11 სასტარტო ნომრით გავიდა და თავისი მოკლე პროგრამისთვის 76.56 ქულა მოიპოვა, რითიც 22-ე ადგილის დაკავება და იმ 24 მოციგურავის რიცხვში მოხვედრა შეძლო, რომლებიც მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. 

ფიონგჩანგში ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოთხილამურე გამოვიდა

თავისუფალ პროგრამაში მამაკაცთა შორის ლიდერი ოლიმპიური თამაშების ერთ–ერთი ფავორიტი იუძურუ ჰანიუა, რომელმაც 111.68 ქულა დააგროვა. მეორე და მესამე პოზიციები დაიკავეს ესპანელმა ხავიერ ფერნანდესმა (107.58) და კიდევ ერთმა იაპონელმა შომა უნომ (104.17). 

მამაკაცებს შორის თავისუფალი პროგრამა 17 თებერვალს გაგრძელდება. შეჯიბრი თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

ყვითელაშვილი მესამე ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ფიონგჩანგში ოლიმპიადაზე აიღო სტარტი. მოთხილამურე ნინო წიკლაურმა და მოციგავე გიორგი სოღოიანმა სამხრეთ კორეაში თავიანთი გამოსვლები უკვე დაასრულეს.

მედლისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებიდან სულ ბოლოს იასონ აბრამაშვილი ჩაერთვება, რომელიც გიგანტურ სლალომსა (18 თებერვალს) და სლალომში (22 თებერვალს) მიიღებს მონაწილეობას.