ღვინო, ნუგბარი და სამკაულები: თბილისში ქართული პროდუქციის ბაზრობა გაიმართება

ღონისძიების სტუმრებს საქართველოში დამზადებული პროდუქტების ფართო ასორტიმენტი დახვდებათ.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. თბილისში 17 და 18 თებერვალს ქართული პროდუქციის დეგუსტაცია–ბაზრობა გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

„წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქცია — საკვები, სასმელი, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები… ღონისძიების მიზანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ხელშეწყობა", — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

დედა სიდონიას ლოცვით გამთბარი სამკაული და ფერთა საოცარი გამა

ბაზრობის სტუმრები, რომელიც ჩატარდება Silk Factory Studio-ს ტერიტორიაზე, შეძლებენ შეიძინონ ტყემალი, ხილის ჩირი, ჩურჩხელა, თხილი, კაკალი, თაფლი, კანფეტები და სხვა ნუგბარი, ასევე ღვინო და ჭაჭა.

საავტორო ნამუშევრებიდან სტუმრებისთვის საინტერესო იქნება მონაზონ სიდონიას სამკაულები, სხვადასხვა დეკორატიული აქსესუარები, გულსაბნევები, ჩანთები, საფულეები, საპონი, სანათები, ჭურჭელი, სათამაშოები, სუვენირები, ფერწერის ნიმუშები, ვიტრაჟები, ხალხური რეწვის ნიმუშები და სხვა.

შაბათს დეგუსტაცია–ბაზრობა იმუშავებს 17:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო კვირას, 18 თებერვალს — 12:00-დან 19:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია.