საქართველოში გაიხსნება პროფგანათლების პირველი კოლეჯი IT–ტექნოლოგიების მიმართულებით

კოლეჯის კურსდამთავრებულები საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში დასაქმდებიან
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი  — Sputnik. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) პირველი უმაღლესი პროფესიული განათლების კოლეჯი შეიქმნება IT–ტექნოლოგიების მიმართულებით, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს–სამსახურის განცხადებაში.

სასწავლო პროგრამების განხორციელებაში ჩართული იქნებიან საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიები. კოლეჯის კურსდამთავრებულები საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმდებიან.

უდიპლომოდ, მაგრამ დასაქმებული - დასახელდა საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

ეს გადაწყვეტილება განათლებისა და ტექნოლოგიების საბჭოს სხდომაზე გამოაცხადეს, რომელიც განათლების სამინისტროში გაიმართა. საბჭო 2017 წლის 25 დეკემბერს შეიქმნა და მისი მიზანია განათლების ხარისხის გაუმჯობესება  საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან და შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა სხდომის მონაწილეებს წარუდგინა „განათლების ერთიანი ციფრული პროგრამის“ პროექტი, რომელშიც ინტეგრირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები და უახლესი ტექსტური და ვიდეო სასწავლო მასალა. პლატფორმა გათვლილია როგორც უმაღლესი პროფესიული კოლეჯების, ისე უნივერსიტეტებისა და კერო პირებისთვის.

სხდომას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები.

საბჭოს შემდეგი სხდომის გამართვა უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტში იგეგმება.