რით ხიბლავს საქართველო ჰოლივუდელ კინემატოგრაფისტებს

საქართველო ბოლო წლებში უცხოელი კინემატოგრაფისტებისთვის პოპულარული მიმართულება გახდა.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. წამყვან ამერიკულ ჟურნალში Variety, რომელიც შოუ–ბიზნესს ეძღვნება, გამოქვეყნდა სტატია საქართველოს შესახებ, როგორც სხვადასხვა კინონაწარმოების გადასაღებად უნიკალურ ქვეყანაზე. 

„საქართველო კავკასიის მთებსა და შავ ზღვასთან განთავსებული მკაცრი და ლამაზი ქვეყანაა“, – ასე იწყებს თხრობას მასალის ავტორი ლეო ბარაკლაფი.

700 000 ევრო კინოზე: „ევრიმაჟი“ ქართულ კინემატოგრაფიას დაეხმარა

გასულ წელს უცხოელი კინემატოგრაფისტებისთვის საქართველოში სპეციალური ტური ჩაატარეს, რომლის ფარგლებში აჩვენეს სხვადასხვა ადგილი და ობიექტი. „ვინც უკვე იყო საქართველოში, ამბობს, რომ ახლა უკვე მონიშნული აქვთ ადგილი მომავალი სამუშაოსთვის“, – წერს ის.

ბაკლაფის თქმით, ტურის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო კინოს თითქმის ყველა ჟანრის გადაღებას მოერგება, კერძოდ, ვესტერნს, ბოევიკს, ისტორიულ ეპოსს, რომანტიკულ კომედიასა და ფენტეზისაც კი.

„მხატვრული განყოფილების მცირე დახმარებით საქართველო შეიძლება ბევრი ევროპული და ჩრდილოამერიკული რეგიონის გვერდით აღმოჩნდეს. თბილისს – ქვეყნის დედაქალაქს – არქიტექტურის ფართო დიაპაზონი აქვს: შუა საუკუნეების, საბჭოთა და თანამედროვე. ესაა ზღაპრის ნაწილი თავისი ტაძრებით, ციხე–სიმაგრეებით, ნაწილი პატარა ევროპული ქალაქისა“, – აცხადებს კინოპროდიუსერი ელენ შვარცი.

თბილისის გარდა ის საუბრობს ბათუმზე, სადაც არის დიდი საზღვაო პორტი და ეთნიკური კვარტალი შესაბამისი კაფეებით. ასევე მოიხიბლა ის კურორტ წყალტუბოთი, მისი მინერალური სანატორიუმებით. ხოლო ყაზბეგის ნახვისას, შვარცის განცხადებით, მას „სული შეუგუბდა“.

უფრო ახლოს ჰოლივუდთან - საქართველოში კინემატოგრაფისტთა სასწავლებელი იხსნება

„საქართველო – გამოუყენებელი რესურსია“, – მიიჩნევს ლოკაციების მენეჯერი რობინ ციტრინი, რომელსაც 45 ფილმზე აქვს ნამუშევარი, მათ შორის „მაიმუნების პლანეტა“, „წვიმის კაცი“ და სხვა. მისი აზრით, საქართველოში იმ ადგილების ნუსხა, სადაც ფილმების გადაღება შეიძლება, უსასრულოა. მან ყველაზე საოცარ ადგილად წყალტუბო დაასახელა და აღნიშნა, რომ ძველი საბჭოთა შენობები „კინოპროექტებისთვის მომწიფდა“.

„როდესაც საქართველოში ჩავედი, აღფრთოვანებული ვიყავი უნიკალური არქიტექტურითა და ახალი ლოკაციებით. როდესაც მთელ მსოფლიოში ეძებ საინტერესო ლოკაციებს მომავალი ფილმებისთვის, ეს იმ ადგილს ჰგავს, რომელზეც ოცნებობ, რომ წარმოიდგინო კრეატიული და გამომსახველი ვარიანტი – ახალი ტექსტურებითა და ხედებით მდიდარი ლოკაცია, რომლებიც ჰოლივუდში არასდროს გადაუღიათ“, – საუბრობს ლოკაციების მენეჯერი დოუ გრიფიტი.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში კონტრასტული, გამომსახველი ადგილებია. გრიფიტისთვისაც ყველაზე მიმზიდველი ადგილი გადაღებებისთვის წყალტუბო აღმოჩნდა.